ევროკავშირი, ტარიფები, გაერთიანებული სამეფო, ჯაეკუ, დიდი ბრიტანეთი, ჯაეკუ 7, ჩინური ავტომობილები, ჩინური ავტომწარმოებლები
Aa
Aa

ევროკავშირის იძულებით, გაერთიანებული სამეფო ჩინურ ავტომობილებს შეზღუდვებს უწესებს

დიდ ბრიტანეთში ჩინური წარმოების ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება, თუმცა ეს უპრეცედენტო ბუმი შესაძლოა მალე მკვეთრად შეფერხდეს. ბოლო ცნობებით, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის მაგალითზე, ჩინური ავტომობილების იმპორტზე სპეციალური ტარიფების დაწესებას გეგმავს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ამ გადაწყვეტილების უკან ევროკავშირის სერიოზული წნეხი დგას. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ბრიტანელ მინისტრებს პირდაპირ განუცხადეს: თუ ლონდონი ჩინურ ავტომობილებს ტარიფებს არ დაუწესებს, გაერთიანებულ სამეფოს Made in Europe შეთანხმებიდან გარიცხავენ. ეს კი ბრიტანული ავტომწარმოებლებისთვის ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას კოლოსალურად გააძვირებს.

სტატისტიკა ევროპელი კანონმდებლების შეშფოთებას ნათელს ჰფენს. სექტემბერში ბრიტანეთში გაყიდული ყოველი მეოთხე ახალი ავტომობილი სწორედ ჩინური წარმოების იყო. ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი ჩინური Jaecoo 7 გახდა, რომელზეც არჩევანი 10 812-მა ადამიანმა შეაჩერა — მან გაყიდვებით Tesla Model 3-საც კი გადაუსწრო. ბრიტანეთში Jaecoo 7-ს ხშირად ხუმრობით Temu-დან გამოწერილ Range Rover-საც უწოდებენ. ის ბაზარზე 1.6-ლიტრიანი ბენზინის ტურბო და 1.5-ლიტრიანი დამუხტვადი ჰიბრიდული აგრეგატებით იყიდება. მიმდინარე წელს სექტემბერი უკვე მეორე თვე იყო, როდესაც ამ მოდელმა ბრიტანეთის ბაზარზე პირველი ადგილი დაკავა.

ევროკავშირში ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები უკვე 45%-მდეა გაზრდილი. ამ შეზღუდვის დაწესების შემდეგ, ჩინურმა ბრენდებმა აქცენტი სწრაფად გადაიტანეს დამუხტვად ჰიბრიდებზე, რის გამოც ბრიუსელი ახლა ჰიბრიდულ მოდელებზეც ტარიფების გავრცელებას განიხილავს.

ბრიტანეთში სატარიფო პაკეტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. აქამდე ლონდონი თავს იკავებდა მსგავსი შეზღუდვებისგან, თუმცა ადგილობრივი ავტოინდუსტრიის გადასარჩენად და ევროპულ ბაზარზე წვდომის შესანარჩუნებლად, ბრიტანეთს, როგორც ჩანს, ჩინური ავტომობილების ნაკადის შეჩერება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩინური ავტომობილების ბუმია — ფასში სხვაობა ქართველი მყიდველისთვის მიმზიდველია“ | „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი
„ჩინური ავტომობილების ბუმია — ფასში სხვაობა ქართველი მყიდველისთვის მიმზიდველია“ | „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი