ახალი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გლობალური გაყიდვების წილი 50%-ს ისტორიაში პირველად ჩამოსცდა
ავტოინდუსტრიაში ისტორიული გარდატეხა დაფიქსირდა — 2026 წლის პირველ ნახევარში სუფთა შიგაწვის ძრავით აღჭურვილი ახალი ავტომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 50%-იან ნიშნულს ქვემოთ პირველად ჩამოინაცვლა. ტრადიციული ბენზინისა და დიზელის მოდელების წილმა მსოფლიო ბაზარზე 49% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა 2021 წლის 73%-იან მაჩვენებელთან შედარებით.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
იანვარ-ივნისის პერიოდში სუფთა შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები წლიურად 10%-ით შემცირდა და 20.25 მილიონი ერთეული შეადგინა. ამ კლების პარალელურად გაიზარდა ალტერნატიული აგრეგატების პოპულარობა: ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 10%-ით გაიზარდა (7.27 მილიონ ერთეულამდე) და ბაზრის 18% დაიკავა, ხოლო სრულად ელექტრომობილების გაყიდვებმა 12%-ით იმატა (6.87 მილიონ ერთეულამდე) და საერთო წილის 17% შეადგინა.

შიგაწვის ძრავების პოპულარობის ვარდნის მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა დასახელდა, რამაც მძღოლებს ეკონომიურ მოდელებზე გადასვლისკენ უბიძგა. განსაკუთრებით თვალსაჩინო კლება დაფიქსირდა ჩინეთსა (26%-იანი ვარდნა) და ევროპაში (13%-იანი ვარდნა).

სამაგიეროდ, აშშ-ის ბაზარზე საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება: ელექტრომობილების საგადასახადო შეღავათების გაუქმების შემდეგ მათი გაყიდვები 15%-ით შემცირდა, თუმცა ამერიკელმა მომხმარებლებმა აქცენტი მკვეთრად ჰიბრიდულ მოდელებზე გადაიტანეს. ბაზრის ექსპერტების შეფასებით, თუ საწვავის ფასების კლება არ დაიწყება, ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდება, რაც ავტომწარმოებლებს სუფთა ბენზინის მოდელების წარმოებიდან ამოღებას დააჩქარებინებს.