BMW-ს ქარხნის რობოტი, „თანამოძმეებთან“ ერთად, ტერმინატორის სტილში გააცილეს
რობოტექნიკის სამყარო ხშირად იმაზე უცნაურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. Figure AI-მ ეს რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა — 39 მილიარდ დოლარად შეფასებულმა სტარტაპმა, რომლის ჰუმანოიდური რობოტები BMW-ს სამხრეთ კაროლინის ქარხანაში ავტომობილების აწყობაზე მუშაობდნენ, თავისი მოძველებული F.02 მოდელების ჩამოსაწერად ჰოლივუდური სცენარი აირჩია.
მათი უბრალოდ დაშლისა და უტილიზაციის ნაცვლად, კომპანიამ რობოტებს T-1000-ის სტილის გაცილება მოუწყო და პირდაპირ გამდნარი ლითონის ავზში გადაახტუნა.
ერთი შეხედვით ეს ამბავი AI-ით გენერირებულ კადრებს ან პირველი აპრილის ხუმრობას ჰგავს, თუმცა კომპანიამ სრული ვიდეომტკიცებულება გამოაქვეყნა.
„ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მნიშვნელოვანია ხაზგასმა: ჩვენ ნამდვილად ვასწავლეთ რობოტებს ავტონომიურად ნახტომის შესრულება, გადავზიდეთ ისინი ფინეთში და აიძულეთ გამდნარ ფოლადში გადამხტარიყვნენ“, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
მზადება კალიფორნიაში, სან-ხოსეს სათავო ოფისში დაიწყო. ინჟინრებმა კასკადიორების ილეთებზე დაყრდნობით, კომპიუტერული სიმულაციებითა და უსაფრთხოების ბალიშებით შეიმუშავეს ნახტომის, გადატრიალებისა და ჰაერში აკრობატული ილეთების ალგორითმები.
აშშ-სა და მექსიკაში მდებარე ქარხნებისგან უარის მიღების შემდეგ, Figure AI-მ მხოლოდ ფინეთში იპოვა მეტალურგიული საწარმო, რომელიც ამ გიჟურ ექსპერიმენტზე დათანხმდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს იდეა არნოლდ შვარცენეგერის მიერ X-ზე დაწერილმა კომენტარმა წამოიწყო. თავად „ტერმინატორი“ ფინეთშიც კი ჩაფრინდა, დამცავი ცეცხლგამძლე ეკიპირება მოირგო და რობოტების „სიკვდილით დასჯას“ თვალი პირადად მიადევნა.
View this post on Instagram
გერმანული მდიდრული ავტომობილების აწყობაში გატარებული მოკლე, მაგრამ მძიმე ცხოვრების შემდეგ, F.02 რობოტების გამდნარი ნარჩენები შეზღუდული რაოდენობის სუვენირებად აქციეს. მსურველებს ამ „ისტორიული ლითონის“ პატარა ფრაგმენტების შეძენა 500 დოლარად შეუძლიათ.
კომპანიის განცხადებით, საწყობში F.02 მოდელის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარიღა დარჩა. ვიმედოვნოთ, ისინი ვერასდროს შეიტყობენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ „ძმებს“ ფინეთში...