Rivian R1S-ი დაიწვა | ელექტრომობილის დამუხტვისას დამაგრძელებლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ
ელექტრომობილის სახლში დამუხტვა, წესით, ისეთივე ჩვეულებრივი და უსაფრთხო პროცესი უნდა იყოს, როგორც სმარტფონის დამტენზე შეერთება. თუმცა, როდესაც საქმე კოლოსალური რაოდენობის ელექტროენერგიას ეხება, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა კატასტროფულ და ძალიან ძვირადღირებულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს საკუთარ თავზე Rivian R1S-ის ამერიკელმა მფლობელმა გამოცადა, რომლის ძვირადღირებული ელექტრო-ქროსოვერიც ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სრულად დამწვარი Rivian R1S-ის წინა ნაწილი და სერიოზულად დაზიანებული ავტოფარეხი. პოსტის ავტორის თქმით, მან შემთხვევის ადგილს შემთხვევით ჩაუარა, მეზობელმა კი დაუდასტურა, რომ ხანძარი სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც ავტომობილი დამაგრძელებელი კაბელით იმუხტებოდა. თუმცა, ჯერჯერობით სახანძრო სამსახურის ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნებული არ არის, ამიტომ უცნობია ზუსტად რა ტიპის კაბელი, დენცქტვიტა ან გადამყვანი გამოიყენებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ Reddit-ის მომხმარებლები დავობენ, დაიწვა თუ არა ავტომობილი უხარისხო კაბელის გამო და უშველიდა თუ არა საქმეს სქელი, მაღალი ძაბვისთვის განკუთვნილი სპეც-დამაგრძელებელი, Rivian-ის ოფიციალური ინსტრუქცია ორაზროვნებას არ ტოვებს. მწარმოებელი მფლობელის სახელმძღვანელოში მკაცრად კრძალავს პორტატული დამმუხტველის მიერთებას ნებისმიერი ტიპის დამაგრძელებელზე, დენის გამანაწილებლებზე, გარდაქმნელებსა თუ ნებისმიერ ადაპტერზე.
მიზეზი მარტივია: Rivian-ის J1772 პორტატულ დამტენს 240-ვოლტიან დენცქვიტასთან მიერთებისას 32 ამპერისა და 7.6 კვტ სიმძლავრის გატარება შეუძლია. საათების განმავლობაში ასეთი მაღალი დატვირთვით მუშაობისას, ნებისმიერმა უხარისხო მიერთებამ, მოშვებულმა კონტაქტმა ან თუნდაც დახვეულმა კაბელმა შესაძლოა გადახურება და აალება გამოიწვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ეს შემთხვევა კიდევ ერთი სერიოზული შეხსენებაა ელექტრომობილის მფლობელებისთვის — უსაფრთხოების ინსტრუქციის წაკითხვა და დაცვა ასეულობით ათას დოლარსა და სიცოცხლეს გადაგირჩენს.