Porsche 15 უნიკალურ ავტომობილს ქმნის | ერთ-ერთი $15 მილიონამდე ეღირება
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი Porsche 15 უნიკალურ ავტომობილზე მუშაობს, რომელთა ღირებულებაც $2 მილიონიდან $15 მილიონამდე მერყეობს. როგორც ადრეც ვთქვით, Porsche სტრატეგიას ცვლის და ძვირადღირებული, ინდივიდუალური მოდელებითა და კლასიკური ავტომობილების აღდგენით მოგების გაზრდას ცდილობს. აღნიშნული მიდგომა თითოეული ავტომობილიდან მეტი შემოსავლის მიღებას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ამ სტრატეგიით გერმანულ ავტომწარმოებელს სურს, წლიური გაყიდვების ზღვარი 200 000 ერთეულზე ქვემოთ ჩამოიყვანოს. ამის მისაღწევად კი Porsche მასობრივი წარმოების ბაზარზე გაფართოების ნაცვლად უფრო ძვირადღირებულ პროდუქტებზე აკეთებს აქცენტს.
სტრატეგია კომპანიისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა — ერთი მხრივ, ჩინეთის ბაზარზე გამძაფრებული კონკურენცია, ასევე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯები და ტარიფები. ეს ყოველივე Porsche-ს გეგმებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

უნიკალური ავტომობილები — ფასი $15 მილიონამდე
Porsche-ს Sonderwunsch-ის პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ავტომობილი ინდივიდუალური მოთხოვნების მსგავსად შექმნან. ეს მხოლოდ განსხვავებული ფერის შერჩევას ან ავტომობილების დამატებითი აღჭურვილობით შეთავაზებას არ ნიშნავს — შეკვეთამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საინჟინრო სამუშაოებიც კი მოითხოვოს.
Porsche-ს ინდივიდუალიზაციისა და კლასიკური ავტომობილების მიმართულების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ფაბიგის განცხადებით, Sonderwunsch-ის პროგრამის ფარგლებში ამჟამად კომპანია 15 უნიკალურ პროექტზე მუშაობს. Automotive News-თან ინტერვიუში ფაბიგმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტების ფასი $2 მილიონიდან დაიწყება და $15 მილიონამდე გაიზრდება.
გარდა სრულიად უნიკალური მოდელებისა, Porsche ე.წ. სუპერექსკლუზიური წარმოების ავტომობილების შექმნის შესაძლებლობასაც განიხილავს. ეს ხაზი კი სტანდარტულ, შეზღუდული გამოშვების მოდელებსა და უნიკალურ, ერთეულად შექმნილ ეგზემპლარებს შორის განთავსდება.
ამასთან, ავტომწარმოებელი მაღალი წარმადობის მოდელებისთვის ფასის გაზრდის შესაძლებლობასაც განიხილავს. სამომავლოდ კი მისი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები შესაძლოა საბაზისო 911-ზე 200%-ზე მეტით ძვირი მაინც ღირდეს. ეს ნიშნავს, რომ მათი ფასი საბაზისო 911-ის ღირებულებას სამჯერაც კი გადააჭარბებს.
კლასიკური მოდელების აღდგენის პროგრამა
Porsche-ს შემოსავლების სტრატეგია კიდევ ერთ წყაროს: ათწლეულების წინ გამოშვებული ავტომობილების აღდგენას. მაგალითად, კომპანიის სპეციალური პროგრამა Carrera GT-ის მფლობელებს თავიანთი V10-ძრავიანი სუპერქარების მაქსიმალურად ქარხნულ ვერსიასთან დაბრუნების საშუალებას მისცემს. თუმცა, როგორც ცნობილია, Carrera GT-ის აღდგენა $800 000-მდე ღირს, რაც საკმაოდ მაღალი ფასია.
ფაბიგის განმარტებითაც, ერთი ავტომობილის აღდგენის საშუალო ღირებულება $500 000-დან $800 000-მდეა. ეს თანხა თავად ავტომობილის ფასს არ მოიცავს. ამ დროისთვის Porsche-მ 11 ერთეული Carrera GT-ის აღდგენა უკვე დაასრულა და დამატებით 16 ავტომობილზეც მუშაობს. 21 ერთეული მომლოდინეთა სიაშია. ეს კი ნიშნავს, რომ ჯამში პროგრამაში ამ ეტაპისთვის 48 ავტომობილია ჩართული.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ Porsche-მ 2003–2006 წლებში სულ 1 270 ერთეული Carrera GT გამოუშვა. შესაბამისად, აღდგენის პროგრამაში უკვე დასრულებული, მიმდინარე და სიაში მყოფი ავტომობილები მოდელის მთლიანი წარმოების დაახლოებით 3.8%-ს შეადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს