თბილისი, გზების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
Aa
Aa

რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე სამოძრაო სქემა შეიცვლება | რა უნდა ვიცოდეთ?

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა“ — რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამოძრაო სქემა შეიცვლება.

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა“, — ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში რუსთაველის გამზირის ახალი სამოძრაო სქემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.

ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.

როგორც გავრცელებული რენდერებიდან ხდება ცნობილი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ბასლეინი და ველობილიკი. ასევე, ფოტოებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას. იგეგმება რამდენიმე ზებრა გადასასვლელის მოწყობაც.

„როგორც იცით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება საგზაო მოძრაობა. მთავარი ცვლილება, რაც ხდება, იქნება ის, რომ თუ ახლა სატრანზიტო მოძრაობაა გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ ეს აღარ იქნება საჭირო. ვგულისხმობ შემდეგს: დღეს თავისუფლების მოედნიდან თუ მოძრაობს ავტომობილი, აუცილებლად უნდა დატრიალდეს ზეთისხილის ხესთან, რათა მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე ან ლესია უკრაინკას ქუჩაზე.

თუმცა, ახალი სქემით, როდესაც უკვე რეაბილიტაცია დასრულდება, ყველა მკვეთრ ქუჩასთან მოეწყობა შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი, სადაც მარცხნივ ახვევით ან ჩახვევით შესაძლებელი იქნება მოძრაობის გაგრძელება, როგორც მთაწმინდის ზემო ქუჩებზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

სამანქანო ნაკადის დაახლოებით 30% სწორედ იმიტომ გადიოდა რუსთაველის გამზირზე, რომ ზეთისხილის ხესთან დატრიალებულიყო. შესაბამისად, ეს 30% მოაკლდება რუსთაველის გამზირის ნაკადს“, — აღნიშნა ბაგაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

წყარო - BPN.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები