მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი კვლავ ჩინურია და კვლავ სრულად ელექტროა
რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, Yangwang U9 Xtreme-მა დასახულ მიზანს მიაღწია და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ჩინურმა ელექტრომობილმა 503.17 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია და პირველი სერიულად წარმოებული ავტომობილი გახდა, რომელმაც 500 კმ/სთ-იანი ზღვარი გადალახა. რეკორდი აბუ-დაბის საჯარო გზის ჩაკეტილ მონაკვეთზე დამყარდა.
ასევე იხილეთ: მანქანა, რომელმაც 5 000 000 კმ დაფარა - 10 გიჟური რეკორდი
კიდევ უფრო საინტერესოს ამ ფაქტს ის ხდის, რომ რეკორდი სპეციალურად დახურული სარბოლო ტრასის ნაცვლად საჯარო გზაზე დამყარდა. რეკორდული გარბენისთვის აბუ-დაბი, E11 ავტომაგისტრალის ჩაკეტილი მონაკვეთი შეირჩა. ელექტრომობილს კი გერმანელი მრბოლელი მარკ ბასენგი მართავდა.

BYD-მა 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ექსკლუზიური წვდომა მოიპოვა. ამ მონაკვეთიდან დაახლოებით შვიდი კილომეტრი მაქსიმალური სიჩქარის განსავითარებლად გამოდგებოდა. უსაფრთხოებისთვის გზის თითოეული მონაკვეთი საფუძვლიანად გაიწმინდა. სპეციალისტებმა ასფალტიდან ქვიშა და სხვა მცირე ნარჩენები მოაშორეს, რათა საბურავების მოჭიდებისა და ავტომობილის სტაბილურობისთვის ხელი არაფერს შეეშალა.
შეგახსენებთ, რომ Yangwang U9 Xtreme-ის შთამბეჭდავი მონაცემების უკან ოთხი ელექტროძრავა დგას. მათი კომბინირებული სიმძლავრე 2 959 ცხენის ძალას აღემატება. მოდელი 1 200-ვოლტიანი ელექტროსისტემითაა აღჭურვილი, მაშინ როდესაც სტანდარტულ U9-ს მხოლოდ 800-ვოლტიანი სისტემა აქვს.

თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ელექტროჰიპერქარს 503 კმ/სთ-იანი შედეგი პირველივე ცდაზე არ დაუფიქსირებია. რეკორდულ გარბენამდე ერთი დღით ადრე ჩატარებული ორი მცდელობისას ავტომობილმა მაქსიმუმ 490 კმ/სთ განავითარა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ ინჟინრებმა მთელი ღამე მუშაობაში გაატარეს, ბატარეა და ელექტროძრავები ოპტიმალურ ტემპერატურამდე მიიყვანეს, უკანა სპოილერის დახრის კუთხე შეცვალეს და ა.შ. გარდა ამისა, მაქსიმალური სტაბილურობისთვის საბურავებში წნევაც დაარეგულირეს.
შედეგად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. მომდევნო დღეს U9 Xtreme-მა 503.17 კმ/სთ განავითარა და რეკორდი Guinness World Records-მა ოფიციალურად დაადასტურა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს