F1-ის ჩემპიონის უიშვიათესი Mercedes-ი, რომელიც Ferrari-ზე ძვირი და სწრაფი იყო
Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონი ამ განსაკუთრებულ Mercedes CLK DTM AMG-ს 15 წლის განმავლობაში ფლობდა. გერმანული მოდელი 582 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 320 კმ/სთ-ზე აღწევდა. 2004 წელს მისი ღირებულება 236 060 ევრო იყო, თუმცა ახლა, თავისი ისტორიისა და მდგომარეობის გამო, შეიძლება 600 000 ევროსაც მიუახლოვდეს.
ასევე იხილეთ: რატომ არ არიან F1-ში ქალები? - ნამდვილი მიზეზი!
F1-ის ბრიტანელმა პილოტმა, ჯენსონ ბატონმა, Mercedes CLK 2004 წელს შეიძინა და მას მომდევნო 15 წლის განმავლობაში ფლობდა. თუმცა ეს ერთი სტანდარტული Mercedes-ი არ ყოფილა, რომლის შეძენასაც ნებისმიერ სადილეროში შეძლებდით. საუბარია ექსკლუზიურ CLK DTM AMG-ზე — მოდელზე, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა და მხოლოდ განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ავტომობილის შექმნის ისტორია გერმანიის ტურინგის ჩემპიონატში (DTM) Mercedes-ის წარმატებას უკავშირდებოდა. 2002 და 2003 წლებში კომპანიამ ჩემპიონატში დომინანტური შედეგები აჩვენა, 2003 წელს კი ბერნდ შნაიდერმა მრბოლელებს შორის ჩემპიონობა CLK-ის სარბოლო ვერსიით მოიპოვა. გუნდმა სეზონის ათი რბოლიდან ცხრა მოიგო და ამ წარმატების აღსანიშნად AMG-მ გადაწყვიტა, საგზაო ავტომობილი შეექმნა, რომელიც სარბოლო ტექნოლოგიების ნაწილს გამოიყენებდა.
Mercedes-ის ხელმძღვანელობამ პროექტი დაამტკიცა, რის შედეგადაც გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში AMG-ის ინჟინრებმა მუშაობა დაიწყეს. ახალი მოდელის სრულყოფაში კი თავად მრბოლელებმაც დიდი როლი ითამაშეს. მათ სატესტო გზებსა და ტრასებზე 30 000 კილომეტრზე მეტი დაფარეს. მისი საფუძველი სწორედ ის სარბოლო CLK იყო, რომლითაც შნაიდერმა ჩემპიონატი მოიგო.

შედეგად შეიქმნა კუპე, რომლის სიმძლავრეც სარბოლო ვერსიასაც აჭარბებდა. კაპოტქვეშ 5.4-ლიტრიანი V8 იდგა, რომელიც 582 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებდა. ძრავა 5-სიჩქარიან AMG Speedshift-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იყო დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებს გადასცემდა. მოდელი 100 კმ/სთ-ს 3.9 წამში ავითარებდა.
CLK DTM AMG-ის დინამიკური მონაცემები იმ პერიოდის საუკეთესო სუპერქარებს უტოლდებოდა. თანაც ავტომობილი 320 კმ/სთ-ს ელექტრულად შეზღუდვის პირობებში აღწევდა. მსგავსი სიმძლავრის კონტროლისთვის კი სარბოლო მოდელებთან მიახლოებული ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდა. ექსტერიერში კარბონი გამოიყენებოდა, გაფართოებული ბორბლების თაღები ჰქონდა, დიდი ზომის ჰაერის მიმღებები და მასიური უკანა სპოილერი. მანქანა 19-დუიმიანი წინა და 20-დუიმიანი უკანა დისკებით აღჭურვეს.

2004 წელს Mercedes-მა CLK DTM AMG-ის ფასი 236 060 ევროთი განსაზღვრა. ეს იმ პერიოდისთვის განსაკუთრებით მაღალი შეფასება იყო. შედარებისთვის, Ferrari 360 Modena, რომელსაც 400 ცხენის ძალის ატმოსფერული V8 ძრავა ჰქონდა და 295 კმ/სთ-ს ავითარებდა, დაახლოებით 128 200 ევრო ღირდა.
CLK DTM AMG-ის მფლობელებს შორის იყვნენ კიმი რაიკონენი, ტაკუმა სატო და ჯენსონ ბატონი. ბრიტანელი მრბოლელი ავტომობილს 2019 წლამდე ფლობდა და მოგვიანებით იაპონელ კოლექციონერს მიჰყიდა. ახლა კი ამჟამინდელი მფლობელი მას Iconic Auctioneers-ის ორგანიზებით 14 ნოემბერს გაიტანს გასაყიდად.

ამ მომენტისთვის ავტომობილს 18 114 კილომეტრი აქვს დაფარული. აუქციონზე მისი პოტენციური გასაყიდი ფასი კი 480 000-დან 600 000 ევრომდე მერყეობს. ასეთ შეფასებას მოდელის იშვიათობა, სარბოლო სპეციფიკაციები და წარსული განაპირობებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს