„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, — კალაძე
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, — ამის შესახებ კალაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. მათ შორის ხაზი გაესვა მიწისზედა გადასასვლელების მოწყობის საკითხს, რაც ქვეითებსა და ეტლით მოსიარულე შშმ პირებს უსაფრთხოდ გზის გადაკვეთის შესაძლებლობას მისცემს.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი სატრანსპორტო სქემით კონკრეტული მიმართულებით ავტომობილების გადაადგილებაც გამარტივდება.
შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდისკენ მიმავალ ავტომობილებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება.
სანაპიროდან პირდაპირ შესაძლებელი იქნება მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩამოსვლა. ასევე, მთაწმინდიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების დაახლოებით 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული.
მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირი მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილება და პირიქით; თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა.
იქ, სადაც აქამდე მძღოლებს ზედმეტი მანძილის გავლა და შემოვლითი მარშრუტებით სარგებლობა უწევდათ, გაჩნდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. სწორედ ეს არის მოძრაობის ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა — ზედმეტი გადაადგილების შემცირება და სატრანსპორტო ნაკადების უკეთ ორგანიზება“, — განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკის მოედანი საახალწლო პერიოდში გადაკეტილი იქნება, გამზირის დახაზვა, ისევე როგორც შუქნიშნების ჩართვა, მოგვიანებით იგეგმება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს