რუსთაველის გამზირის შემდეგ, რესპუბლიკის და თავისუფლების მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება | კალაძე
დღევანდელ სხდომაზე კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებასთან ერთად, დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ნაწილზე სამუშაოების დაწყებაც დააანონსა. კერძოდ, მისი განცხადებით, რუსთაველის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს, მთლიანად რესპუბლიკის მოედნის განახლების სამუშაოების დაწყებაც იგეგმება.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება შემდეგ მთლიანად რესპუბლიკის მოედნის განახლების სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა დაახლოებით 200 ავტომობილზე. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს თავისუფლების მოედნის რეაბილიტაცია/განახლება და ასევე, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება.
ყველა არსებული შენობა, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე დგას, სრულად განახლებული, მოწესრიგებული და რეაბილიტირებული. ამ სამუშაოების დაწყებას მომავალ წელს ვგეგმავთ“, — განაცხადა კალაძემ.
სხდომაზე კალაძემ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებაც დააანონსა. მისი თქმით, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, წლების განმავლობაში მოძრაობა პერიოდულად ან ორმხრივი იყო, ან ცალმხრივი. მისი განცხადებით, შემუშავდება ყველაზე მისაღები ვარიანტი, რომელიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან იქნება თავსებადი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს