რომელი ავტომობილებით შეიძლება ვიხილოთ რობერტ პატინსონის ჯეიმს ბონდი?
ჯეიმს ბონდის ახალი ეპოქა იწყება. აგენტი 007-ის როლს ამჯერად რობერტ პატინსონი შეასრულებს, რომლის მონაწილეობითაც გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, 2028 წელს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი „ჯეიმს ბონდის“ შესახებ ჯერ თითქმის არაფერი ვიცით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა უკვე დაისვა: რომელი ავტომობილების საჭესთან ვიხილავთ ახალ 007-ს?

ავტომობილები და ჯეიმს ბონდის იმიჯი კი ერთმანეთისგან განუყოფელია. რამდენიმე საკულტო მოდელი დღეს ბევრისთვის სწორედ ბონდთან ასოცირდება. შესაბამისად, დაინტერესება იმით, თუ რომელ მოდელებს შეარჩევენ ახალი ფილმისთვის, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, თუ რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ჯერ შერჩევის პროცესს, შემდეგ კი ამ როლზე პატინსონის დამტკიცების ფაქტს.
ის ოთხი ბრენდი, რომელთაც ჯეიმს ბონდთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, მარტივი ჩამოსათვლელია. პირველი ალბათ ყველას Aston Martin-ი გვახსენდება, ასევე BMW, Jaguar Land Rover-ი და Lotus-ი.

Aston Martin-სა და ფრენჩაიზს შორის კავშირი იმაზე ადრეც დაიწყო, ვიდრე ბრიტანული ავტომწარმოებლის მოდელებს თანამედროვე ფილმებშიც ვიხილავდით. პირველი Aston Martin-ი კი, რომელიც ბონდის ფილმში გამოჩნდა, DB5 იყო — 1964 წლის Goldfinger-ში. მას შემდეგ ეკრანზე ვიხილეთ DBS, The Living Daylights-ის V8 და სხვა მოდელები. ბონდის უახლეს ფილმში, No Time To Die-ში, კი Aston Martin Valhalla გადაიღეს.
BMW-სთან კავშირი განსაკუთრებით უკვე პირს ბროსნანის ეპოქას უკავშირდება. მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში ბონდის ავტომობილების უმეტესობა სწორედ ამ გერმანული ავტომწარმოებლის იყო. გამონაკლისი მხოლოდ Die Another Day გახლდათ. Tomorrow Never Dies-ის 750iL და The World Is Not Enough-ის Z8 დღემდე ბონდის ყველაზე დასამახსოვრებელ ავტომობილებს შორის სახელდება.

ფრენჩაიზში Jaguar Land Rover-ის მოდელებიც არაერთხელ გვინახავს. განსაკუთრებით კი ალბათ Land Rover Series III დაგვამახსოვრდა, რომელიც The Living Daylights-სა და No Time To Die-ში ვიხილეთ. ბონდის სხვადასხვა ფილმში ასევე მონაწილეობდა Defender-ის, Range Rover-ისა და Range Rover Sport-ის მოდელები. მართალია, ისინი მთავარი გმირის ავტომობილები არ ყოფილა, თუმცა კავშირი მაინც საკმაოდ მყარია.
Lotus-ის შემთხვევაში ფილმებში მხოლოდ მისი ორი მოდელი გამოჩნდა და მათგან ერთი ბონდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომობილადაც იქცა. საუბარია Lotus Esprit-ზე, რომელიც The Spy Who Loved Me-ში წყალქვეშა ნავად გარდაქმნის შესაძლებლობით გამოირჩეოდა. მოგვიანებით, For Your Eyes Only-ში გამოჩნდა Esprit Turbo, სპორტქარი სახურავზე თხილამურებით.

რომელი ავტომობილები შეიძლება მართოს რობერტ პატინსონმა?
როგორც ცნობილია, თავად პატინსონიც ავტომოყვარულია. წარსულში მას რამდენიმე კლასიკური ამერიკული „მასლ-ქარიც“ ჰყოლია, რომელთა შორისაა Chevrolet Nova SS და Ford Mustang Shelby GT350. მის ავტოკოლექციაში იყო BMW 325i E30 კაბრიოლეტი და Porsche Boxster S (987.2). შესაბამისად, მსახიობისთვის გამორჩეული ავტომობილების მართვა უცხო ხილი ნამდვილად არ იქნება.

წესით, ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატი, რომელსაც ბონდის ახალ ავტომობილად შეარჩევენ, კვლავ Aston Martin-ია. ამ შემთხვევაში საინტერესო არჩევანი Aston Martin-ის ყველაზე ექსტრემალური სუპერქარი Valen-ი იქნებოდა, განსაკუთრებით კი მაღალი სიჩქარით დევნის სცენებისთვის.
თუმცა გულშემატკივრებს ალბათ საკულტო მოდელის, Aston Martin DB5-ის დაბრუნებაც გაახარებდათ. ეს მოდელი ბონდის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამგზავრია და, როგორც ვთქვით, Goldfinger-ის შემდეგ ფრენჩაიზის არაერთ ფილმში გამოჩენილა.

ასევე, რობერტ პატინსონი პირველი ბონდია, რომელიც მილენიალების თაობას წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით კი, სხვადასხვა გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ ახალი ბონდი ელექტრომობილითაც კი გამოჩნდეს. ამ როლისთვის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი Jaguar Type 01-ია. მოდელი გამორჩეული დიზაინითა და პრემიუმკლასის ელეგანტურობით გამოირჩევა... თან Jaguar Land Rover-ის ბონდის ფრენჩაიზთან კავშირის გამგრძელებლადაც მოგვევლინებოდა.
რამდენიმე საინტერესო ელექტრომობილი Lotus-საც ჰყავს, მაგალითად Emeya და Eletre. მსგავსი როლის შესრულება BMW i7-საც შეუძლია, რომელიც გარკვეულწილად Tomorrow Never Dies-ში გამოყენებულ BMW 750iL-ს მოგვაგონებს. ამასთან, Lotus-ი ახალ სპორტქარზეც მუშაობს, რომელიც Esprit-ის სახელს აღადგენს. პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, სწორედ იმ დროისთვის, როდესაც ბონდის ახალი ფილმი უნდა ვიხილოთ.

ჯეიმს ბონდი მხოლოდ ძვირადღირებულ სპორტქარებს არ მართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი Citroën 2CV-ია, რომლითაც აგენტი For Your Eyes Only-ში გადაადგილდებოდა. საინტერესოა, რომ Citroën-ი 2028 წლისთვის 2CV-ის დაბრუნებასაც გეგმავს. ბრენდი საკულტო მოდელის თანამედროვე კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს