ბოლო ერთ თვეში აშშ-ში ბენზინი, საშუალოდ, 13%-ით გაიაფდა
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში ერთი გალონი რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ივლისის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 4.00-დოლარიან ნიშნულს. დღეისათვის საშუალო ღირებულება $3.782-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანი კლებაა ერთი თვის წინ დაფიქსირებულ $4.356-იან პიკთან შედარებით.
მიუხედავად ამ შემცირებისა, ფასი კვლავ საგრძნობლად მაღალია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ერთი გალონის საშუალო ღირებულება სულ რაღაც $3.083 იყო. ამასთან, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს შტატებს შორის არსებულ მკვეთრ სხვაობას.

დღეისათვის აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული საწვავი ჰავაის შტატშია, სადაც ადგილობრივები გალონში საშუალოდ $5.597-ს იხდიან. მეორე ადგილზეა კალიფორნია, მესამეზე კი — ნევადა. სპექტრის მეორე მხარეს კი არიან შტატები, სადაც მძღოლები საწვავში გაცილებით ნაკლებს იხდიან: ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ყველაზე იაფი ბენზინი ჩრდილოეთ კაროლინაში იყიდება — გასულ თვესთან შედარებით ფასი აქ 80 ცენტით შემცირდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგულარის გაიაფებასთან ერთად შემცირდა საშუალო (Mid-grade) და პრემიუმ-კლასის ბენზინის ღირებულებაც. ყველაზე მაღალ ფასებთან გამკლავება კვლავ დიზელის ძრავიანი ავტომობილების მფლობელებს უწევთ, თუმცა კლება აქაც შეინიშნება — დიზელის საშუალო ღირებულება გალონზე $5.984-ს შეადგენს, რაც ნაკლებია გასული თვის $6.328-იან მაჩვენებელზე.

მიუხედავად ბოლოდროინდელი შემსუბუქებისა, საწვავის ფასები მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რის გამოც ახალი ავტომობილების მყიდველთა მზარდი რაოდენობა არჩევანს ჰიბრიდულ მოდელებზე აჩერებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს