აშშ, ტექნოლოგიები, პირელი, ციფრული საბურავები, პირელი საიბერ თაიერი
Aa
Aa

Pirelli-მ ციფრული საბურავის წარმოება აშშ-ში ოფიციალურად დაიწყო

Pirelli-მ შეერთებულ შტატებში თავისი ინოვაციური ტექნოლოგია — Cyber Tire ოფიციალურად წარადგინა. სისტემა ჩვეულებრივ საბურავს ჭკვიან მოწყობილობად გარდაქმნის, რომელიც რეალურ დროში აგროვებს მონაცემებს და მათ მძღოლს გადასცემს.

ტექნოლოგიის დემონსტრაცია ლას-ვეგასის ავტოდრომზე, ფორმულა 1-ის გრანპრის ფარგლებში გაიმართა. Cyber Tire-ის წარმოება აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ რომში მდებარე ქარხანაში დაიწყება, რომლის გაფართოებაშიც კომპანია დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ქარხნის გაფართოების პროგრამა 2027 წელს დაიწყება და 2033 წლისთვის საწარმოს წლიურ სიმძლავრეს დაახლოებით ექვს მილიონ საბურავამდე გაზრდის. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 1000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც იგეგმება.

ინვესტიცია მოიცავს როგორც Pirelli-ს არსებული რობოტიზებული MIRS საწარმოო სისტემის მოდერნიზაციას, ისე ახალი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობას, სადაც პრემიუმ-კლასის საბურავები უფრო ტრადიციული მეთოდებით დამზადდება.

როგორ მუშაობს Pirelli Cyber Tire?

საბურავის პროტექტორის შიგნით დამონტაჟებული სენსორი აგროვებს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა საბურავის ცვეთა, წნევა, ტემპერატურა და აჩქარების მაჩვენებლები. ეს ინფორმაცია Bluetooth-ის საშუალებით გადაიცემა და რეალურ დროში მუშავდება Pirelli-ს პროგრამული უზრუნველყოფითა და ალგორითმებით, რის შემდეგაც მონაცემები ავტომობილის ელექტრონულ სისტემებს მიეწოდება.

ტრეკზე გამართულ დემონსტრაციაზე Pirelli-მ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას მოჭიდების კონტროლის სისტემის გაუმჯობესება — ავტომობილის მართვის ბლოკი თავად ამოიცნობს, რომელი საბურავებია დამონტაჟებული და შესაბამისად არეგულირებს სისტემის მუშაობას. გარდა ამისა, მაქსიმალური მოჭიდების შესახებ მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია აუმჯობესებს ABS-ის ეფექტურობას და ამცირებს სამუხრუჭე მანძილს. ABS-თან, ESP-სა და მოჭიდების კონტროლთან ინტეგრაცია Bosch-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.

ღონისძიების კიდევ ერთი მთავარი ვარსკვლავი Pagani Utopia Roadster-ი იყო — მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილი, რომელიც Cyber Tire ტექნოლოგიით სტანდარტულად აღიჭურვა. მასში თითოეული საბურავი პირდაპირ „ესაუბრება“ მანქანის ელექტრონიკას, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, საბურავის ტიპისა და ტემპერატურის მიხედვით დაარეგულიროს მაბრუნი მომენტის განაწილება, მძღოლს კი დეტალური ინფორმაცია მულტიმედიის მონიტორზე მიაწოდოს.

ავტომობილთან პირდაპირი კომუნიკაციის გარდა, Cyber Tire ტექნოლოგიას საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგშიც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. საბურავების მიერ შეგროვებული მონაცემები დაეხმარება შესაბამის სამსახურებს გზის საფარის პრობლემების დროულად გამოვლენასა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვაში. ვინაიდან საბურავები ავტომობილსა და გზას შორის კონტაქტის ერთადერთი წერტილია, Pirelli-ში მიიჩნევენ, რომ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ამ სისტემის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები