Audi BMW M5-თან საბრძოლველად RS6-ის სედანს აბრუნებს
Audi ახალი თაობის RS6-ის წარსადგენად თითქმის მზად არის — მოდელი განახლებული A6-ის ხაზის ფლაგმანი გახდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სპორტქარი ელექტრიფიცირებული აგრეგატით აღიჭურვება და პირდაპირ კონკურენციას დამუხტვად ჰიბრიდულ BMW M5-ს გაუწევს. გარდა ამისა, წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ უნივერსალის სახით იყო ხელმისაწვდომი, ახალი RS6 სედანის ძარითაც გამოვა, რითაც 15-წლიანი ტრადიცია დაირღვევა.

პაპარაცებმა RS6 სედანის შენიღბული პროტოტიპი ნიურბურგრინგის ტრასაზე სწრაფი წრეების გავლისას დააფიქსირეს. ზუსტად ერთი წლის წინ შემჩნეულ ანალოგიურ პროტოტიპთან შედარებით, ავტომობილი ბევრად უფრო მიახლოებულია სერიულ ვერსიასთან — მას განსხვავებული ალუმინის დისკები უყენია და უკვე აღჭურვილია RS-მოდელებისთვის დამახასიათებელი ოვალური გამოსაბოლქვი მილებით. ეს მიანიშნებს, რომ 2027 წელს დაგეგმილი გლობალური დებიუტის წინ, ავტომობილზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

პროტოტიპის საქარე მინაზე დაკრული მაღალი ძაბვის გამაფრთხილებელი ყვითელი სტიკერი ადასტურებს, რომ RS6 ელექტრიფიცირებულ ძალოვან სისტემაზე გადადის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ცილინდრი ექნება შიგაწვის ძრავას — განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი: 2.9-ლიტრიანი V6 დამუხტვადი ჰიბრიდი — ორი ტურბინის მქონე აგრეგატის გაძლიერებული ვერსია, რომელიც უფრო მომცრო RS5-ში ჯამურად 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე ვარიანტი 4.0-ლიტრიანი V8 დამუხტვადი ჰიბრიდია — Porsche-სა და Bentley-ს მიერ გამოყენებული მძლავრი სისტემა, რომლის სიმძლავრეც Continental GT-ში 771 ცხენის ძალას აღწევს.
მიმდინარე წლის დასაწყისში Audi Sport-ის ხელმძღვანელმა ავსტრალიურ გამოცემა CarSales-თან საუბარში აღნიშნა, რომ მომავალ RS6-ს უნდა შეეძლოს „ცხენების, იახტებისა და ნავების ბუქსირება“ და შეინარჩუნოს „მდიდრული სამოგზაურო მანქანის“ ხასიათი, რომელიც მაღალ დინამიკასა და კომფორტს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს Audi-მ RS6 სედანი მომხმარებლებს V10 ძრავით აღჭურვილ C6 თაობაში შესთავაზა, რომლის წარმოებაც 2011 წელს დასრულდა — მას შემდეგ C7 და C8 თაობები მხოლოდ Avant-ის ძარით გამოდიოდა. ახალი, C9 თაობის დებიუტი უახლოეს თვეებში შედგება, გაყიდვები კი მომავალ წელს დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს