თანამედროვე დიზაინის Supermini ჰეჩბეკი: 2019 წლის Peugeot 208
Peugeot 208-ის დებიუტი 2019 წლის ჟენევის ატოშოუზე შედგა და ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. 208-ის პირველი EV მოდელი კი ნამდვილად ეპოქისტვის შესაფერისი დროული დამატება იყო. ფრანგული ავტომწარმოებლის განცხადებით, 2019 წლის 208 ქალაქის ავტომობილია. მან კონკურენცია VW Polo-ს, Renault Clio-ს, Ford Fiesta-სა და კიდევ მრავალ ამ სეგმენტში კარგად გამოცდილ ავტომობილს უნდა გაუწიოს. ეს კომპანიამ კარგად გააანალიზა და შექმნა ავტომობილი, რომელიც ყველასთვის მისაღებია.

ფასი:
- PureTech 75 Active - £16,250,
- PureTech 100 - £17,350,
- Allure - £18,850
- GT Line - £20,700.
- E-208 - £29,250
Supermini სრულიად თავიდანაა აწყობილი: ახალი პლატფორმა, ახალი ექსტერიერი და ინტერიერი. ძირითადად, ახალგაზრდა მყიდველზეა გათვლილი. ეს ახალი ავტომობილი, არის პასუხი მოყვარულების ყველა კითხვაზე. მათთვის, ვისთვისაც ეკოლოგია მნიშვნელოვანია, EV მოდელი, რა თქმა უნდა, უკეთესი არჩევანია.

რა არის ახალი 2019 წლისთვის?
ამ კითხვას ნაწილობრივ უკვე ვუპასუხეთ. 208, თავისი ექსტერიერითა და ინტერიერით სრულიად ახალი და თანამედროვეა.
„ჩვენ გვინდოდა, ყველაზე „ცხელი“ ჰეჩბეკი შეგვექმნა. მაგრამ როგორ მიიღწევა ეს? უფრო დიდი სპორტული დისკებით, ძრავის მეტი ძალით და განახლებული საქარე მინით, რომელიც მანქანას „ცხვირიან“ შეხედულებას აძლევს. გადავწყვიტეთ, 205-ს სილუეტს დავბრუნებოდით“. - ამბობს „პეჟოს“ მთავარი დიზაინერი ჟილ ვიდალი.
ექსტერიერი
„პეჟოს“ დიზაინერებს აშკარად კარგად ესმით, რომ კარგი დიზაინი მანქანის გაყიდვის საწინდარია. 208-ის ექსტერიერი მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ყველაზე მიმზიდველი ამ ავტომობილის წინა მხარეა.
დიდი, აგრესიული ცხაურა, მისი მიმართულებით დახრილი კაპოტი, LED წინა მაშუქები, რომლებსაც ჩამოყოლებაზე ე.წ. „ლომის ეშვები“ აქვს. LED მაშუქები სტანდარტული მხოლოდ GT Line და GT მოდელებზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ Active და Allure მოდელებზე ხელმისაწვდომი არაა. ეს ფაქტი ამ მოდელების ექსტერიერს აგრესიულობას აკლებს.

გვერდიდან ავტომობილი ისეთივე მიმზიდველი ვერაა, როგორც წინიდან, მაგრამ უკანა დაბოლოება ექსტერიერს თამაშში აბრუნებს. თუ დაუკვირდებით, უკანა სექცია რაღაცით „მუსტანგს“ მოგაგონებთ. ეს, ალბათ, ფრანგული ავტომწარმოებლის იმ ამბიციის გამო, რომ მანქანისთვის „კუნთები“ დაემატებინათ.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ექსტერიერი თანამედროვე სტანდარტებში კარგად ჯდება.
ინტერიერი
მანქანის ინტერიერიც არანაკლებ თანამედროვეა. უმაღლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
საზომ ხელსაწყოთა 3D ბლოკი გასაოცარია. ზედმეტი, არასაჭირო ინფორმაციით თვალებს არ გტკენს და მხოლოდ მნიშვნელოვანზე ორიენტირდება. გრაფიკა მაღალი ხარისხისაა.
ხილვადობა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსახვეებში წინა დგარი ხილვადობას ზღუდავს. უკანა შუშაც ვიწრო და დახრილია, რაც პარკირების დროს ცოტა გამაღიზიანებელია. თუმცა, 208-ზე უკანა ხედვის კამერის დაყენებაა შესაძლებელი, რაც ცხოვრებას ნამდვილად გაგიმარტივებთ.

მანქანაში არსებული ღილაკების მცირე რაოდენობა ცენტრალურ კონსოლზეა და ძირითადად კლიმატ კონტროლთანაა დაკავშირებული. სხვა ყველა დანარჩენი საინფორმაციო-გასართობი სისტემიდან იმართება. Android Auto და Apple CarPlay ხელმისაწვდომია.
208-ის წინა სავარძლები საკმაოდ მოსახერხებელია, რასაც უკანა სავარძლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მაღალ ადამიანებს მოთავსება გაუჭირდებათ. უკან მესამე მგზავრად, მხოლოდ პატარა ბავშვი თუ დაეტევა. უნდა აღინიშნოს, რომ არც ფეხისთვის სივრცეა საკმარისი.

ძრავა და მართვადობა
208 ქალაქის ავტომობილია და მისი მართვადობაც ამასთან შესაფერისია.
დაკიდების სისტემა რბილია. მოსახვევებში ცოტას ქანაობს, მაგრამ ეს არც თუ ისე ცუდია, თუ რა თქმა უნდა, სებასტიენ ოჟიე არ ხართ. რბილი დაკიდება 208-ს შემთხვევაში თქვენს წელს უსწორმასწორო ზედაპირზე დაზიანებისგან იცავს.
ახალი 208 ბენზინის ძრავზე სამ ვარიანტადაა ხელმისაწვდომი: 1.2-ლიტრიანი 75, 100 და 130 ცხენის ძალით. პირველი 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი. 100-ცხენისძალიანი კი 6-სიჩქარიანი მექანიკა ან 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. 130-ცენისძალიანი მხოლოდ ავტომატიკაა.
დიზელის ვერსიას 1.5-ლიტრიანი BlueHDI ძრავა აქვს, რომელიც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი მხოლოდ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს პირველი EV მოდელი. მას 50-კილოვატიანი ბატარეა, 136 ცხენის ძალა და 260ნმ აქვს. 0-100 კმ/სთ-ამდე 8.1 წამი სჭირდება და სრულად დატენილზე 340 კმ-ს გავლა შეუძლია. 100-კილოვატიანი სწრაფი დამტენით 30 წუთში იტენება.
უსაფრთხოება
NCAP-ის შეფასებაში 2019 წლის Peugeot 208 5-დან 4 ვარსკვლვას იმსახურებს. წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებითაა აღჭურვილი. პარიკირების სენსორებიც სტანდარტულია.

შეჯამება
2019 წლის Peugeot 208-ის ექსტერიერი დადებით შეფასებას იმსახურებს. ესთეტიკურად სასიამოვნო ინტერიერის ისეთი დეტალებიც აქვს, რაც შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგალითად, ხილვადობა და სალონში სივრცე. ციფრული სისტემა ნამდვილად გასაოცარია. თუმცა, 208 მთავარი უპირატესობა მაინც მისი EV ვერსია e-208 არის. მთლიანობაში 208-ს ნამდვილად ბევრის შემოთავაზება შეუძლია და, რაც მთავარია, ძალიან თანამედროვეა, თუმცა მთავარ კონკურენტებს რამდენად უწევს წინააღმდეგობას, ეს უკვე სხვა საკითხია.