საქართველო, ავტოიმპორტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, იმპორტი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

ჩინური ავტომობილების იმპორტის მორიგი რეკორდი საქართველოში - რა ჯდება 1 მანქანა

წელს 9 თვეში ჩინური ავტომობილების იმპორტის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა ღირებულებამ 71.103 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი, გარდა იმისა, რომ წლიურად რაოდენობრივად 65%-ით, ხოლო ღირებულებით 75.9%-ით არის გაზრდილი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით მაქსიმალურია. (შენიშვნა: საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება).

შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტირებული იყო 4 520 ავტომობილი, 40.410 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით; 2024 წლის 9 თვეში — 2 024 ერთეული, 30.899 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით; 2023 წელს — 1 209 ერთეული, 15.216 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით; 2022 წელს — 1 092 ერთეული, 9.010 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2009 წელს მხოლოდ 57 ერთეული, 655.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჩინური ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 9 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების საშუალო ღირებულება ზოგად ჭრილში წლიურად მომატებულია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება დაახლოებით 9.6 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი — 8.9 ათასი აშშ დოლარი.

(შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).

რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, წელს, საანგარიშო პერიოდში, წლიურად ღირებულებით 13.3%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით შემცირდა. ამასთან, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი, როგორც ღირებულებით, ისე რაოდენობრივად, დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2.652 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 161 815 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 3.058 მლრდ აშშ დოლარი და 183 952 ერთეული შეადგინა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.529 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 63 141 ავტომობილი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეექსპორტის მოცულობა 2.003 მლრდ აშშ დოლარსა და 82 529 ერთეულს შეადგენდა.

წყარო - bpn.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები