საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტირება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მანქანის ფასს გაუტოლდა
ავტომობილების გადაზიდვის ფასი როგორც აზიიდან, ისევე აშშ-დან და ევროპიდან პანდემიის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Auto Import Georgia-ს დირექტორი, გურამ როსტიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ზრდა ყველაზე მასშტაბური აზიიდან საკონტეინერო გადაზიდვის შემთხვევაშია და რიგ შემთხვევებში ავტომობილის თვითღირებულებას უტოლდება.
„თავდაპირველად, კონტეინერებზე ფასის ზრდა პანდემიის დროს დაიწყო და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ძალიან სერიოზული ლოჯისტიკური ჯაჭვი აირია. ამან გამოიწვია ფასების ზრდა რიგ შემთხვევაში ხუთჯერაც საზღვაო გადაზიდვის კომპონენტში. ბოლო პერიოდში ფასების სტაბილიზაცია ხდებოდა, მაგრამ დიდი ნაბიჯებით არა, მაგრამ ომის შემდეგ, ფასები კვლავ გაიზარდა. მართალია, იმ ნიშნულს არ გასცდენია, რაც პანდემიის ბოლო ეტაპზე იყო, მაგრამ ზრდა შესამჩნევია.
კონტეინერის ფასი კი, ამ მომენტისთვის 8 500 დოლარია აქაური გადასახადების ჩათვლით, ანუ ერთ მანქანაზე 2 100-ან 2 300 დოლარამდე გამოდის.
რაც შეეხება აშშ-ს, იქიდან დაახლოებით 5 პორტია, საიდანაც მანქანები იგზავნება და ყველა პორტიდან ფასი სხვადასხვაა, რაც 1 400-დან 2 500 დოლარამდე მერყეობს ერთი მანქანის შემთხვევაში. ანუ, 400-500 დოლარით არის გაზრდილი პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ. ევროპა კი, უფრო სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ ფასის ზრდა შეინიშნება, ალბათ, კონტეინერზე მხოლოდ 100-200 ევროთი“, - აცხადებს როსტიაშვილი.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ქართულ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.
„ფასის ზრდა ყოველთვის იწვევს მოთხოვნის შემცირებას. მით უფრო, რომ საქართველოს ბაზარზე ძირითად შემთხვევებში მოთხოვნა არის 5 000 დოლარის ღირებულების მანქანებზე. აქ ვგულისხმობ ჩამოყვანის და განბაჟების ღირებულებას. გამოდის ავტომობილის თვითღირებულება 2 000 -2 500 დოლარი უნდა იყოს. ბოლო პერიოდში, ტრანსპორტირების ღირებულება იგივეა, რაც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების. მაშინ როცა, პანდემიამდე 1 მანქანის გადაზიდვა აზიიდან ყველა ხარჯის გათვალისწინებით 800-900 დოლარი ჯდებოდა.
გარდა ამისა, ომის პერიოდმა ძალიან მძიმედ იმოქმედა მოთხოვნაზე. გარდა იმისა, რომ ფასის მატება იყოს მნიშვნელოვანი მდგენელი, ამას დაემატა მაღალი ინფლაცია სხვა პროდუქტებზე და მოსახლეობის მხრიდან გაურკვევლობა და შიში, რა იქნებოდა შემდეგში. ბოლო კვირებში ცოტა შეეგუა ხალხი და ადაპტირდა გარემოსთან და მატება შეინიშნება წინა სამ თვესთან შედარებით“, - ამბობს ავტო იმპორტ ჯორჯიას დირექტორი.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარ - აპრილში საქართველოში მსუბუქი ავტომობილის იმპორტი თანხობრივად გაიზარდა, თუმცა შემცირდა ერთეულებში. კერძოდ 2021 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოში 251.4 მლნ აშშ დოლარის 32,261 ათასი ავტომობილი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 319.6 მლნ აშშ დოლარის 30,870 ათასი მსუბუქი ავტომობილი.
ავტორი: bpn.ge