ელექტრომობილების სკანდალი ჩინეთში | რამდენად მარტივია სისტემის მოტყუება?
ჩინეთის ელექტრომობილების ინდუსტრიამ ბოლო წლებში სწრაფი ზრდა განიცადა და ამ იმპულსის დიდი ნაწილი სამთავრობო დაფინანსებებიდან მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მხარდაჭერამ ჩინეთის გლობალური ელექტრომობილების ცენტრად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ სუბსიდიების ნაწილი, სამართლიანად სრულადაც არ იყო მოთხოვნილი.
როგორც ამბობენ, ელექტრომობილების ინდუსტრიის ისეთმა წამყვანმა გიგანტებმაც კი, როგორებიც BYD და Chery Automobile არიან, მოიპოვეს თანხმობა, რომელთა მიღების უფლებაც რეალურად არ ჰქონდათ.
ჩინეთის ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამის 2016-2020 წლების აუდიტმა აჩვენა, რომ დაახლოებით 864 მილიონი იუანი (მიმდინარე გაცვლითი კურსით 121 მილიონი აშშ დოლარი) გადანაწილდა ავტომწარმოებლებზე, რომლებიც საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, Chery-მ მოითხოვა დაახლოებით $33 მილიონი 8 860-მდე ელექტრო და ჰიბრიდული მანქანისთვის, რომელთაც სუბსიდიის მიღების უფლება არ ჰქონდათ.
გარდა ამისა, ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ BYD-ს მხოლოდ 4 900 ერთეული ავტომობილისთვის $20 მილიონის გამოყოფის ფაქტიც დაადგინა. Bloomberg-ის ცნობით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, დაუბრუნდა თუ არა ეს სუბსიდიები ხელისუფლებას.
ჩინეთმა ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამა 2010-იან წლებში დაიწყო და თითო ავტომობილზე $8 400-ის ოდენობის თანხა გამოყო. ეს შეღავათი მწარმოებლებს დიდი რაოდენობით გადასცეს, რომელთაც შემდეგ მისი გამოყენება უკვე მომხმარებლებისთვის ფასების შესამცირებლად შეეძლოთ. როგორც ირკვევა, პროგრამა სავსე იყო თაღლითობებით და მხოლოდ 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათობით კომპანიამ თაღლითურად მოითხოვა 3 მილიარდი აშშ დოლარი ოდენობით სუბსიდიები.
ცოტა ხნის წინ, ჩინურ ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ ერთი სკანდალი გამჟღავნდა. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ჩინეთი ნულოვანი გარბენის მანქანებს მეორადად ასაღებდა და ისე ყიდდა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეს ფასების ოთხწლიანი ომის პირდაპირი შედეგია, რაც კომპანიებს აიძულებდა ნებისმიერი გზით გაყიდვები გაეზარდათ.