მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური
ყველას გვახსოვს „ბუგატი ვეირონის“ სენსაცია, რომელიც 16 ცილინდრს უკავშირდებოდა, თუმცა „ვეირონის“ გამოჩენამდე 10 წლით ადრე Jimenez Novia არსებობდა. ეს ავტომობილი ყველაფრით განსხვავებული იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ანალოგი უბრალოდ არ ჰყავს.
რამონ ჰიმენეზი მოტო მრბოლელი იყო, რომელსაც ავტომობილების მიმართაც დიდი სიყვარული აკავშირებდა. მან თავისი ფავორიტი Porsche 917-ის მსგავსი ბოლიდის შექმნა გადაწყვიტა, ალბათ ამიტომაც ამ ორ მანქანას შორის უამრავი ვიზუალური მსგავსება არსებობდა. „ნოვია“ სრულად ხელნაკეთი ავტომობილი იყო. მისი კაბინა ალუმინისგან იყო დამზადებული, ხოლო ძარის დანარჩენი ნაწილი კი კარბონისგან. დანახარჯების შემცირების მიზნით, რამონმა თავისი ძალებით შექმნა კარბონის დეტალები, თუმცა ეს დიდად არ დახმარებია მას, რადგან ავტომობილის შექმნა საკმაოდ დიდი ფინანსები დაჯდა. ასე ხდება, როდესაც საქმეში არაპროფესიონალი, თუმცა საქმის დიდი მოყვარული ერთვება. ინტერიერში ორი სპორტული სავარძელი, რადიო და კონდიცირების სისტემაც იყო ხელმისაწვდომი.
ძრავს რაც შეეხება, აქ ყველაფერი განსხვავებულია. ორბორბლიანების მიმართ დიდმა სიყვარულმა აქაც იჩინა თავი. რამონმა თავისი ქმნილება 4 Yamaha FZR1000-ის ძრავით აღჭურვა, რომლებიც გააერთიანა და საბოლოოდ 16 ცილინდრი, 4.1-ზე მეტი ლიტრაჟი და 80 სარქველი მიიღო. მოგეხსენებათ მოტოციკლეტის ძრავების მიერ ბრუნვების მიღწევადობა, ამიტომ ავტომობილი 560 ცხენის ძალას 10 000 ბრუნზე გამოიმუშავებდა, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 432-ს აღწევდა. იმის გამო, რომ ავტომობილის ძარა კარბონის და ალუმინისგან შედგებოდა, მისი წონა 890 კილოგრამს უტოლდებოდა. წარმოიდგინეთ 16 ცილინდრი, 890 კილოგრამი და 13 000 ბრუნი! სასწაული რამ იქნებოდა. 0-100 აჩქარებას 3 წამს ანდომებდა, ხოლო 1 კილომეტრს 19 წამში ფარავდა. მას 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, რომელსაც ბლოკირებული დიფერენციალი გააჩნდა. ავტომობილის აგრეგატები ძარის ცენტრში იყო მოთავსებული. მოჭიდებისთის უკან 335 სიგანის 17-იანი საბურავები დაუმონტაჟეს, წინ კი სულ რაღაც 235 სიგანის საბურავები ეყენა. დასრულებული ვერსია შემდეგნაირი გამოვიდა - თქვენ იჯექით დახურულ 16 ცილინდრიან მოტოციკლეტში.
რამონს ძალიან სურდა, რომ ეს ავტომობილი „ლე მანის“ რბოლებში დაერეგისტრირებინა, რის შემდეგაც სერიულ წარმოებასაც გეგმავდა. თუმცა სამწუხაროდ ეს იდეა ვერ განხორციელდა და აღნიშნული მოდელი მსოფლიოს ერთ და უნიკალურ ეგზემპლარად ჰყავს შემორჩენილი.