Aa Aa
4 აგვისტო 2022  |  10:14

ძვირადღირებული „სუპერქარების“ ცეკვა ბალახის საფარზე

სანახაობა Ferrari 599 GTO-მ, 911 GT3 RS-მა და Lancia Delta S4-მაც გაამდიდრა.

სრიალა ზედაპირი და „სუპერქარი“ - ეს არც ისე დიდებული კომბინაციაა. ამის მიზეზი ისაა, რომ კოლოსალური სიმძლავრის მანქანა ასეთ ზედაპირზე ვერ ეჭიდება და უკონტროლო ტრიალს მარტივად იწყებს. თუმცა, ავტომობილის მოცურება შემოღობილ ტერიტორიაზე, რომელიც ბალახითაა დაფარული შედარებით უსაფრთხოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძღოლი პროფესიონალია და იცის რას აკეთებს. ქვემოთ მიბმულ ვიდეოში სწორედ ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ სუპერავტომობილების მფლობელებმა გართობა გადაწყვიტეს.

კადრები ერთ-ერთმა „იუთუბერმა“, TheTFJJ-მა გაავრცელა, რომელსაც შთამბეჭდავი ავტომობილების ნახვის საშუალება მიეცა. ჩვენი ფავორიტი შავი ფერის Porsche Carrera GT-ა, მაგრამ Ferrari SF90 Stradale- და 458 Special Aperta-ც საოცარი სანახავი გახლდათ. იქ შეკრებილმა ხალხმა საკმაოდ ეგზოტიკური ავტომობილიც იხილა. ეს Lancia Delta S4-ა, რომელსაც ძრავა შუაში აქვს განთავსებული და ოთხივე წამყვანია. მოდელი Group B-ის ეპოქიდანაა.

ყველაზე ნაკლებად ამაღელვებელი მანქანა პოლიციის BMW i3 იყო, რომელმაც „სუპერქარებთან“ ერთად გაცეკვება გადაწყვიტა. 10-ცილინდრიანი Carrera GT-ი კი შეკრებაზე ერთადერთი მაღალბრუნიანი ავტომობილი არ ყოფილა. Ferrari 599 GTO-მ თავისი 670 ცხენის ძალითა და 8 250 ბრუნით მაყურებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი და მათი ასეთი გამოყენება ამ ავტომობილებისთვის სრულად შეუსაბამოა, მაინც საინტერესო სანახავია, როდესაც მძღოლები თავიანთ მანქანებს დაუნანებლად მოიხმარენ. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი გართობის შემდეგ ეს ადამიანები თავიანთ საკოლექციო მოდელებს ფარეხში ისევ ისეთ ფორმაში დააბრუნებენ, როგორც გამოიყვანეს.

გაზიარება: