Aa Aa
18 ნოემბერი 2022  |  10:06

Rimac Nevera-მ ელექტრო ავტომობილებში სიჩქარის რეკორდი დაამყარა

გზებზე დაშვებული საბურავებით აღჭურვილმა ელექტრო ჰიპერქარმა 412კმ/სთ განავითარა.

გასულ წელს ამ ავტომობილმა მეოთხედი მილი (402მ) 8.58 წამში დაფარა. Rimac Nevera ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. გერმანიაში, პაპენბურგის სატესტო ტრასაზე ელექტრო ჰიპერქარმა 412კმ/სთ განავითარა. საჭესთან კომპანიის მთავარი სატესტო პილოტი მირო ზრნჩევიჩი იჯდა. ეს ტრასა სპეციალურად შეარჩიეს, რადგან მას ორი სწორი მონაკვეთი აქვს და თითოეულის სიგრძე 4 კილომეტრია.

რეკორდის დასამყარებლად, ავტომობილი მაქსიმალური სიჩქარის რეჟიმში გადაიყვანეს. კლიენტებისთვის სიჩქარე 352კმ/სთ-მდე ელექტრონულად შეზღუდულია. რიმაცის თქმით, ის 150 ადამიანი, ვისაც ამ ავტომობილის ფლობის ბედნიერება ექნება, მაქსიმალური სიჩქარის გამოყენების უფლებას „სპეციალურ ღონისძიებებზე მიიღებენ, როცა ყველაფერი Rimac-ის გუნდის კონტროლის ქვეშ იქნება“.

მაქსიმალური სიჩქარის დასაფიქსირებლად, Nevera-სთვის მოდიფიკაციები არ გაუკეთებიათ. მას გზებზე დაშვებული Cup 2 R საბურავები ეყენა. რეკორდის დამყარების პროცესს Michelin-ის სპეციალისტი ესწრებოდა. ავტომობილს უკვე 250კმ/სთ ჰქონდა განვითარებული, როცა სწორ მონაკვეთს მიუახლოვდა. სწორზე კი ავტომობილმა თავისი 1 914 ცხენის ძალის შესაძლებლობები გამოავლინა.

ელექტრო ჰიპერქარებს ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ შიგაწვისძრავიანი ჰიპერქარების რეკორდი მოხსნან. შედარებისთვის, 2019 წელს Bugatti Chiron Super Sport-მა 490.48კმ/სთ განავითარა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ორი ავტომობილის კონკურენციას ვერ ვიხილავთ. Bugatti-სა და Rimac-ის გაერთიანების შემდეგ, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

რაც შეეხება ელექტრო ავტომობილებს, Nevera უკონკურენტოა. მეორე თაობის Tesla Roadster 2023 წელს გამოვა. მისი წარმოება რამდენჯერმე გადაიდო. დებიუტი 2017 წელს შედგა და მაშინ Tesla 402კმ/სთ-ზე მეტს შეგვპირდა.  

გაზიარება: