Aa Aa
24 იანვარი 2023  |  11:28

Mazda-ს ახალი მოხვევის სიგნალი ადამიანის გულისცემას იმეორებს

შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებისა და ქვეითებისთვის უფრო სასიამოვნო იყოს.

თანამედროვე ავტომობილები ტექნოლოგიებით დატვირთულია. თითოეული დეტალი უმაღლეს დონეზეა დახვეწილი. Mazda-მ, ავტომწარმოებელმა, რომელიც დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევს, მოციმციმე მოხვევის სიგნალი წარმოგვიდგინა. ეს სიგნალი ადამიანის გულისცემას ასახიერებს.

პულსირებადი მოხვევის სიგნალის დებიუტი Mazda CX-30-ზე შედგა. მასზე აცუში იოშიდამ იმუშავა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ LED სინათლეებს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მოხვევის სიგნალებში საკმაოდ ცივია.

მისი აზრით, ეს პრობლემაა, რადგან Mazda ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ასე გაუჩნდა მას ადამიანთან სულ ოდნავ მაინც მიმსგავსებული მოხვევის სიგნალის იდეა.

„მოხვევის სიგნალი მძღოლთან ეფექტურად უნდა იყოს კავშირში, უნდა მიიპყროს სხვა მძღოლებისა და ქვეითების ყურადღება. ჩემი აზრით, ადამიანის გულისცემის მსგავსმა ციმციმმა მძღოლებს სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნება უნდა გაუჩინოს“, - ამბობს იოშიდა.

სწორი რითმის შესარჩევად, იოშიდა ელექტრო კარდიოგრამებს აკვირდებოდა. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჟღერს. ამ სისტემის Mazda 3-ში დამონტაჟების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან სინათლე არათანაბრად პულსირებდა. ამ სისტემის სრულყოფილებამდე მისაყვანად იოშიდასა და მის ჯგუფს 2 წელი დასჭირდა.

ახლა კი მოხვევის პულსირებადი სიგნალის დიზაინერს იმედი აქვს, რომ ეს სისტემა ხალხს აჩვენებს, თუ რამხელა ყურადღებას უთმობს Mazda დეტალებს.

გაზიარება: