Aa Aa
6 ივნისი 2023  |  11:12

Bugatti Bolide-ი მაღალ სიჩქარეზე კიდევ უფრო მხეცურ ხმას გამოსცემს

Bugatti Bolide-ის მიწოდება 2024 წელს დაიწყება.

Bugatti-იმ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უახლესი მოდელი სახელად Bolide-ი გამოცდებს გადის. ინჟინრებს ტრეკისთვის გამოშვებულ ავტომობილზე საბოლოო შტრიხები შეაქვთ. მფლობელები ამ მონსტრი ავტომობილის  ეგზემპლარებს 2024 წლიდან მიიღებენ. მწარმოებელმა კი იქამდე Bolide-ის აეროდინამიკაზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

Bugatti Bolide-ის დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა. საწარმოო მოდელი კი 2023 წლის აპრილში გამოაჩინეს. ამ დროის განმავლობაში Bugatti-ის ინჟინრები Bolide-ის მაქსიმალურად გამართვაზე მუშაობდნენ. თითოეული ცვლილება სპეციალურ სიმულაციურ ტესტებზე გადიოდა გამოცდას. ახლა კი ავტომობილის დახვეწის საბოლოო დეტალებია დარჩენილი.



Bolide-ს იმდენად გიჟური აეროდინამიკა აქვს, რომ ის 3 ტონა მიმჭერ ძალას წარმოშობს. წარმოიდგინეთ, მაღალ სიჩქარეზე Bolide-ი მიწას ისე აწვება, თითქოს მის სახურავზე აფრიკული სპილო იდგეს.

Bugatti-ის წინა ტუჩი, დამატებით ფარფლებთან ერთად, აქტიურია და ის ჰაერის განაწილებისთვის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. კაბინის მცირე ზომა კი ჰაერის ნაკადის გვერდებზე გაშვების საშუალებას იძლევა. ასე ცივი ჰაერით გვერდებზე არსებული გამაგრილებლები მარაგდება. აღსანიშნია, რომ Bugatti-იმ ტრადიციული ტიპის სარკეები შეინარჩუნა და კამერებზე უარი თქვა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასე მრბოლელები სხვა მანქანებს უფრო სწრაფად ამჩნევენ.

უკან კი უზარმაზარი მოძრავი ფრთა გვაქვს. ოთხი მაყუჩია ცენტრში. მაშუქები კი X-ის ფორმისაა. ყველაზე მხეცური კი ისაა, რომ ბამპერი უკანა საბურავებს ბოლომდე არ ფარავს და მათ ხილვადს ხდის. ქვემოთ კი უზარმაზარი დიფუზორი გვაქვს.

ამ „ბეტმობილის“ სტილის კარბონის კორპუსი შუაში განთავსებულ 8-ლიტრიან W16 ძრავას მალავს. აგრეგატს ოთხი ტურბო აქვს და 1 578 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Bolide-ს წონაც გამოარჩევს. მანქანა 1 450 კგ-ა.

Bolide-ი Bugatti-ის ისტორიაში ყველაზე მხეცური მოდელი იქნება. მანქანა აქსელერაციისას 2.5G-ის წარმოშობს. თუმცა, კომპანიაში გვპირდებიან, რომ ასეთი კოლოსალური სიმძლავრეც და გიჟური აჩქარებაც ნებისმიერი მძღოლისთვის მარტივად მოსათოკი იქნება. ზუსტად ისე, როგორც Bugatti-ის სხვა საგზაო ვერსიებში.

Bolide-ი სულ 40 ეგზემპლარად იარსებებს. თითოეულის ფასი კი 4.28 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება: