Aa Aa
23 ივნისი 2023  |  11:28

Manhart-ის M3 Touring-ს 641 ცხენის ძალა და მეტი კარბონი აქვს

M-ის ლოგოებით გამოშვებული გაუმჯობესებული უნივერსალი M4 CSL-ის კარბონის კაპოტითაა აღჭურვილი, რომელიც 19 000$ ღირს.

BMW M3 Touring-ი საოცარი ავტომობილია. ის შთამბეჭდავ წარმადობას, მართვადობას და სისწრაფეს გვთავაზობს. თანაც პრაქტიკულია. სწორედ ამიტომ, მისი ფლობა უამრავი ადამიანის ოცნებაა. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სტანდარტული M3 Touring-ის სიმძლავრე არ აკმაყოფილებთ და რამე უფრო სწრაფის ფლობა სურთ. ასეთი სეგმენტისთვის Manhart-ს ახალი შეთავაზება აქვს. გაიცანით, ეს MH3 650-ია.

MH3 650 Touring-ის შექმნა „ტუნინგ“ ატელიემ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში დააანონსა. მას შემდეგ საცდელი კონცეპტუალური მოდელების „რენდერებიც“ ვიხილეთ. დასრულებული სახით კი პირველი ეგზემპლარი 2023 წლის მაისში შეიქმნა. კომპანიამ მანქანის ფასთან ერთად სხვა საინტერესო დეტალებიც გაასაჯაროვა.




სურათზე ნაჩვენებ MH3 650 Touring-ს ღია ცისფერი ფირი აქვს გადაკრული. გარკვეული დეტალები შავიცაა. ასევე, მრავლადაა კორპუსზე გამოაშკარავებული კარბონის დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა M Carbon-ის პაკეტით ქარხნულად არის წარმოდგენილი, Manhart-მა მოდელს M4 CSL-ის კარბონის კაპოტი და ახალი ცხაურა დაუმატა. ასევე, ბამპერის ჭრილებზე კარბონის დამატებითი ნაწილები გვაქვს.

ჩვენი მკითხველის ყურადღებას MH3 650 Touring-ის დისკები აუცილებლად მიიპყრობდა. ეს Yido Performance-ის მიერ დამზადებული დისკები გახლავთ, რომელიც წინ 20-დუიმიანია, ხოლო უკან 21-იანი. ახალ ფეხსაცმელებთან ერთად, ეს M3 Touring-ი მიწასთან ჩვეულებრივზე უფრო ახლოსაცაა. ეს H&R-ის რეგულირებადი დაკიდების სისტემის შედეგია. უკან ახალი მაყუჩები იმზირება, რომლის დიამეტრიც სტანდარტულზე დიდია. მცირე ცვლილებებია ინტერიერშიც. სალონში Manhart-ის წარწერები და ჭერზე LED განათებები დაგხვდებათ.






მანქანის ვიზუალთან ერთად გაუმჯობესდა ძალოვანი აგრეგატიც. ყველაფერი MHtronic-ის დამხმარე მოწყობილობით კონტროლდება. ავტომობილის 3-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა 641 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ მონაცემით ის MH3 GTR-ს გაუტოლდა, რომელიც Manhart-ის მიერ მოდიფიცირებულ M3-ებში ყველაზე მძლავრია.

მსურველებს ამ ავტომობილის ფასი ნამდვილად არ მოხიბლავთ. Manhart-ის ოფიციალურ „ონლაინ“ მაღაზიაში წერია, რომ მხოლოდ კარბონის კაპოტი 19 000$ ღირს. დისკები 6 500$-იანია, ხოლო გამშვები სისტემა 4 500$-ის ღიებულებისაა. ეს იმ დეტალების არასრული ჩამონათვალია, რაც „ტუნინ“ ატელიემ ამ მანქანას დაუმატა. საგულისხმოა, რომ MH3 650 სტანდარტულ M3 Touring-ზე ბევრად ძვირი ეღირება.

გაზიარება: