Aa Aa
12 ივლისი 2023  |  09:23

5 რამ, რაც ბრედ პიტის ფორმულა 1-ის ფილმზე ვიცით

ჰოლივუდი ბრიტანეთის გრან პრის ესტუმრა.

თუ ბრიტანეთის გრან პრის უყურეთ, მაშინ უჩვეულო 21-ე გუნდს და 2 ახალ პილოტს შეამჩნევდით, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბრედ პიტი იყო.

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი მაქსს, ლანდოს და ფორმულა 1-ის სხვა პილოტებს შეუერთდა.

Apple Studio ფორმულა 1-ზე ფილმს იღებს, რომლის რეჟისორიც ჯოზეფ კასინსკია. კასინსკის წინა ფილმი Top Gun: Maverick-ი იყო. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ლუის ჰამილტონია.

ამ ფილმზე ჯერ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. თუმცა, ბრიტანეთის გრან პრიზე მუშაობის პროცესს ნახევარი მილიონი მაყურებელი შეესწრო და რაღაცების დამალვა გართულდა. ჩვენ კი რამდენიმე დეტალზე საუბარი უკვე შეგვიძლია.

ბრედ პიტი სონი ჰეისის როლს თამაშობს

59 წლის მსახიობი სონი ჰეისის როლს შეასრულებს. ჰეისი გადამდგარი პილოტია, რომელიც ავტოსპორტში ახალგაზრდა პილოტებისთვის ჭკუის სასწავლებლად ბრუნდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ასაკში თავისუფლად შეიძლებოდა ოსკარ პიასტრის ბაბუა ყოფილიყო, იმედი გვაქვს კისრის ვარჯიშებს საკმარისად აკეთებს.

„მე 90-იანი წლების პილოტის როლს შევასრულებ. ფაქტობრივად, მე ტრასაზე შენთან ერთად ვიქნებოდი“, - ამბობს პიტი მარტინ ბრანდლთან ინტერვიუში

„საშინელ ავარიაში მოხვედრის შემდეგ პერსონაში ავტოსპორტში მონაწილეობაში უარს ამბობს. შემდეგ მისი მეგობარი, რომლის როლსაც ხავიერ ბარდემი თამაშობს, გუნდის მფლობელი ხდება. ისინი ტრასაზე 21-ე, 22-2, ადგილს იკავებენ, მაგრამ ერთი ახალგაზრდა ფენომენალური პილოტი ჰყავთ და მეც მივყავარ“.

ისინი ნამდვილად პედოკში არიან

მთელი უიკენდის განმავლობაში ბრედ პიტის ყალბი გუნდი Apex GP პედოკში იყო.  Ferrari-ს და Mercedes-ის გუნდებს შორის მათი იდენტური ფარეხი იყო მოწყობილი. ფორმულა 1 გაფრთხილებული იყო, რომ ყველაფერი, რასაც გადაიღებენ, რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს.

ფილმში გამოყენებული ავტომობილები სინამდვილეში ფორმულა 1-ის ბოლიდები არ არის

უიკენდის განმავლობაში ბრედ პიტი და დემსონი ტრასაზე იყვნენ. ტრასაზე Apex GP-ის შეფუთული შავ-ოქროსფერი ბოლიდიც ვიხილეთ. სინამდვილეში ეს ფორმულა 1-ის ბოლიდი არ იყო. ფილმისთვის ფორმულა 2-ის ბოლიდი გამოიყენეს, რომელსაც ფორმულა 1-ისთვის დამახასიათებელი დეტალები ჰქონდა. ამაში გუნდს Mercedes-ის ტექნოლოგიების დივიზია Carlin-ი დაეხმარა.

მთელ ტრასაზე მსახიობები იყვნენ

ტრასაზე მსახიობების შემჩნევა რთული არ ყოფილა. თუ მათ კოსტიუმებს კარგად დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ისინი სახანძრო უსაფრთხოების ტესტებს ნამდვილად ვერ გაივლიდა.

სანახაობას 480 000 მაყურებელი ესწრებოდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი სილვერსტოუნი ერთი დიდი გადასაღები მოედანი იყო, მაყურებლებს შეუძლიათ თავისი IMDB პროფილი განაახლონ.

სხვა რბოლებზეც იქნებიან

ფილმის გადაღებები, რა თქმა უნდა, ტრასის გარეთაც იქნება. ფილმში სულ მცირე 1 სეზონი უნდა იყოს ასახული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი რეალობასთან ახლოს უნდა იყოს, მაშინ Apex GP-ის გამოჩენას სხვა რბოლებზეც უნდა ველოდოთ.

გაზიარება: