Volvo ინოვაციურ ავტოპილოტის ფუნქციაზე მუშაობს
XC90 პირველი Volvo იქნება, რომელიც ავტოპილოტის სისტემას მიიღებს.
Volvo - ავტომწარმოებელი, რომელიც უსაფრთხოების საკითხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, გზის გაგრძელებას ავტოპილოტის მიმართულებით აპირებს. კომპანიის განცხადებით, მათი მეორე თაობის Scalable Product Architecure-ის მანქანები ავტოპილოტის პროგრამით იქნება აღჭურვილი. ოპტიკურ-ლაზერულ მოწყობილობას კომპანია პარტნიორი Luminar-სგან მიიღებს.
მანქანები წარმოებაში 2022 წლიდან ჩაეშვება და XC90 იქნება პირველი Volvo, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში მძღოლისგან დამოუკიდებლად იმართება. თუმცა, თვითონ პროგრამა მოგვიანებით, განახლების სახით დაემატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2022 წლის XC90-ს 2022 წელს ავტოპილოტი არ ექნება. ეს Tesla-ს გეგმის მსგავსია: ააწყე მანქანა, დაუყენე საჭირო მოწყობილობა, პროგრამა კი მაშინ დაუმატე, როცა მზად გექნება.
ასეთი საჭირო მოწყობილობაა ოპტიკურ-ლაზერული მოწყობილობა Luminar-ისგან. ნაცვლად უცნაური ფორმის და განლაგების მოწყობილობისა, ეს კონკრეტული მანქანის მარჯვენა ნაწილში საქარე მინის თავზე იქნება მოთავსებული. მანძილის გასაზომად ლაზერს იყენებს და ინფორმაციას მანქანის სამგანზომილებიან რუკას აწვდის.
ავტომწარმოებლის თანახმად, მანქანა გარკვეულ ადგილებსა და ამინდის პირობებში მძღოლისგან სრულიად დამოუკიდებლად იმართება. ამ პაკეტს კომპანია Highway Pilot-ს უწოდებს. Volvo-ს ტექნოლოგიების დირექტორის ჰენრიკ გრინის თქმით, როცა ეს პროგრამა გააქტიურდება, თქვენ შეგიძლიათ გზას თვალი მოაშოროთ, საჭიდან ხელები აიღოთ და უბრალოდ დაისვენოთ.
- „მოგვიანებით ავტოპილოტის გამოყენების არეალი გაფართოვდება. ჩვენთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ, ეს ნელ-ნელა მოხდება.
ავტოპილოტი შესაძლოა სწორედ ის ფუნქცია აღმოჩნდეს, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას ნელ-ნელა და უსაფრთხოდ დავნერგავთ“. - ამბობს გრინი.
ოპტიკურ-ლაზერული მოწყობილობა პროგრამის გამოშვებამდე უმოქმედოდ არ იქნება. ის მძღოლის დამხმარე ფუნქციებს გააუმჯობესებს და მალე ყველა მანქანაზე სტანდარტული გახდება. მძღოლები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ახალი პროგრამა არ გამოიყენონ, ზოლში დარჩენის უკეთეს სისტემას და ადაპტირებად კრუიზ კონტროლს მიიღებენ.