რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ?
ფორმულა 1-ის ლეგენდის სათხილამურო ინციდენტიდან 12 წლის შემდეგ, ფლავიო ბრიატორემ, მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც Daily Mail იტყობინება, ბრიატორემ, რომელიც შუმახერის მიერ პირველი ორი მსოფლიოს ტიტულის მოპოვების დროს, Benetton-ის გუნდს ხელმძღვანელობდა, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გერმანელი პილოტი საწოლს არის მიჯაჭვული.
შუმახერის მდგომარეობაზე ბრიატორემ Corriere della Sera-სთან ისაუბრა: „თუ თვალებს ვხუჭავ, მას გამარჯვების შემდეგ მოღიმარს ვხედავ. მირჩევნია, ის ასეთად დამამახსოვრდეს, ვიდრე უბრალოდ მწოლიარე. კორინასთან (შუმახერის მეუღლესთან) ხშირად ვსაუბრობთ.“ იმავე თემასთან დაკავშირებით, ბრიატორეს ყოფილმა მეუღლემაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მიხაელი არ ლაპარაკობს, ის მხოლოდ თვალებით ურთიერთობს. მისივე ინფორმაციით, შუმახერთან მხოლოდ სამ ადამიანს უშვებენ.
2013 წლის დეკემბერში, საფრანგეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ფორმულა 1-ის სამყარო შეძრა. მსოფლიო ჩემპიონი შუმახერი თხილამურებით სრიალის დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმე თვე, მკურნალობის ინტენსიურ კურსს გასდიოდა. ტრაგედიის შემდეგ, შუმახერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გავრცელებულა.
ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომელიც გერმანელის შესახებ მივიღეთ, 2023 წელს იყო, როდესაც განცხადება FIA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და Ferrari-ს გუნდის ხელმძღვანელმა ჟან ტოდტმა გააკეთა: „„მიხაელი აქ არის, ამიტომ არ მენატრება. ის უბრალოდ აღარ არის ის მიხაელი, როგორიც ადრე იყო. ის განსხვავებულია და საოცარია, როგორც იცავენ მას მისი მეუღლე და შვილები“.