Aa Aa
25 მარტი 2024  |  14:25

Corvette-ის ძრავის მქონე BMW 330i ZHP შეფარული მონსტრია

სტანდარტული ვიზუალი, კაპოტის ქვეშ კი LS3 V8!

E46 თაობის „მესამე სერია“ ბევრ ადამიანს უყვარს. ამ გამოშვების 3-er-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვერსია 330i ZHP გახლდათ. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი ზუსტად ეს კომპლექტაციაა. თუმცა, თუ მის საბარგულზე არსებულ წარწერას კარგად დააკვირდებით, იქ 362i არის გამოსახული. რაშია საქმე?

კითხვის ნიშნები მაშინ გაიფანტება, როდესაც ამ ავტომობილის კაპოტს გახსნით. იქ ყველასთვის კარგად ნაცნობი ერთგრიგა 6-ცილინდრიანის ნაცვლად, LS3 V8-არის განთავსებული. ამ ძალოვანი აგრეგატის მოცულობა 6.2 ლიტრაა. ზუსტად ამას აღნიშნავს წარწერა 362i-იც. ძრავის განყოფილებაში ყველაფერი იმდენად ორგანულად გამოიყურება, რომ დილეტანტებს შესაძლოა ეს მოწყობა ქარხნული ეგონოთ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ამ პროექტზე ჩინებულად იმუშავა. ძრავა T56 6-სიჩქარიან კოლოფთან არის დაკავშირებული, რომელსაც მრგვალი ბერკეტი აქვს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამერიკული გულის მქონე მანქანისთვის ეს აუცილებელი შტრიხია.



რა შედეგი მოიტანა E46-ის „გაელესებამ“? მანქანა 459 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც სტანდარტულ ZHP-ის სიმძლავრეზე ორჯერ მეტია. მოდელს Koni-ის ამორტიზატორები, Stoptech-ის მუხრუჭები, Turner Motorsports-ის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი და გაუმჯობესებული ქვეჩარჩო აქვს. სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული კარდანი და ხიდი.

გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილზე მოცურების კონტროლი და კრუიზკონტროლი არ არის ფუნქციური. ასევე, კონდიციონერი არ უბერავს ცივ ჰაერს. მაჩვენებელთა დაფაზე უსაფრთხოების ბალიშის ნათურაც ანთებს. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მის მომავალ მფლობელს საქმე ექნება.



მომავალ მფლობელს იმიტომ, რომ ეს 362i გასაყიდადაა გამოტანილი. გეტყვით იმასაც, რომ ეს ავტომობილი ამჟამინდელ მეპატრონეს 2018 წელს ჩაუვარდა ხელში. მან ამ ავტომობილისთვის 22 900$ დათმო.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება ეს „მესამე სერია“? ღირს მის სანაცვლოდ 23 000$-ის გადახდა? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: