Mercedes-Benz-ის F1-ის საკულტო ავტომობილი აუქციონზეა
ბოლიდის ღირებულება $55 მილიონს აღემატება.
„ფორმულა 1“-ის ადრეულ წლებში, მანამ, სანამ მკაცრი რეგულაციები ამოქმედდებოდა და ყველა ბოლიდი ერთმანეთს დაემსგავსებოდა, ავტომწარმოებლებს დიზაინზე ბევრად ნაკლები შეზღუდვა ჰქონდათ. სწორედ მაშინ, Mercedes-Benz-მა საკულტო ავტომობილი W 196 R შექმნა. მანქანა, რომელიც ჰაეროვან და დახვეწილ ფორმებს აერთიანებდა და მას Stromlinienwagen-ი უწოდა.
Mercedes-Benz-ისთვის, „ფორმულა 1“-ში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი ამჟამად Sotheby’s-ის აუქციონზე იყიდება. W 196 R პირველად 1955 წლის იანვარში, ბუენოს აირესის გრანპრიზე გამოჩნდა, რომელშიც ხუან მანუელ ფანგიომ ორმაგი გამარჯვება მოიპოვა. ამ ავტომობილმა თავისი სარბოლო კარიერაც გამარჯვებით დაასრულა, ამჯერად იტალიურ გრან-პრიზე, რა დროსაც ბოლიდს სერ სტირლინგ მოსი მართავდა.
Mercedes-Benz-მა თავდაპირველად W 196-ის ათივე გადარჩენილი ეგზემპლარი შეინახა, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს მანქანა საბოლოოდ ინდიანაპოლისში, Motor Speedway Foundation-ში აღმოჩნდა. W 196 დღემდე აქ ინახება და მას შემდეგ, რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა.
Sotheby’s-ის თანახმად, ეს Stromlinienwagen-ი ერთადერთია, რომელიც კერძო პირის მიერ იყიდება. აუქციონის სახლის შეფასებით, ავტომობილის ღირებულება $55 000 000-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ აუქციონების ისტორიაში, ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილის ტიტული Mercedes 300 SLR Uhlenhaut Coupe-ს ეკუთვნის. ამ მანქანის ღირებულებამ ორი წლის წინ რეკორდულ $143 მილიონს მიაღწია. მართალია, W 196 ასეთი იშვიათი მოდელი არაა, თუმცა მის მაღალ ფასს, ამ შემთხვევაში, მოდელის სარბოლო ისტორია განაპირობებს.