GM-ი ახალ მძლავრ V8 ძრავებზე $900 მილიონს დახარჯავს
უმეტეს შემთხვევაში, როდესაც კომპანიები მსხვილ ინვესტიციებს აცხადებენ, თანხები ელექტროფიკაციაზე იხარჯება. თუმცა არა ამ შემთხვევაში. General Motors-ი ნიუ-იორკში, Tonawanda-ს ქარხანაში მეექვსე თაობის V8 ძრავის შესაქმნელად $888 მილიონს დახარჯავს. ეს არის ყველაზე დიდი ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც კომპანიას ოდესმე ძრავების ქარხანაში განუხორციელებია. ინვესტიციის სანაცვლოდ, ნიუ-იორკი კომპანიას $16.96 მილიონის საგადასახადო კრედიტებს შესთავაზებს.
General Motors-ი ინვესტიციის ფარგლებში წარმოებული ძრავების სატვირთო მანქანებსა და SUV-ებში განთავსებას გეგმავს. გეგმა კი, 2027 წლიდან განხორციელდება და მომხმარებელს უფრო მეტ სიმძლავრესაც შესთავაზებს. კომპანიას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია. თუმცა არსებული სიტუაციით, ამჟამინდელი 5.3-ლიტრიანი V8 ძრავა 355 ცხენის ძალას და 519 ნმ-ს გამოიმუშავებს. უფრო დიდი მოცულობის, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა კი, 420 ცხენის ძალას და 623 ნმ-ს.
GM-ის განცხადებით, სიმძლავრის გაზრდა ეფექტიანობის ხარჯზე არ მოხდება. კომპანიის ინფორმაციით, ძრავებს, „ახალი წვის და თერმული მართვის ინოვაციების“ მეშვეობით, საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შემცირება შეეძლებათ. კომპანიის ახალი გეგმა უფრო სუფთა V8 ძრავის შემუშავებას ითვალისწინებს. GM-ს არ უთქვამს გამოიყენებს თუ არა ელექტრიფიკაციას რაიმე კუთხით, ასე რომ შეიძლება ძრავა მხოლოდ ბენზინზე მომუშავე იყოს.
Tonawanda რიგით მეორე ქარხანა იქნება, რომელიც ახალ V8 ძრავას გამოუშვებს. 2023 წლის დასაწყისში GM-მა მიჩიგანის შტატის Flint Engine Operations-ში, $579 მილიონის ინვესტიცია დააანონსა. 2027 წელს ახალი V8 ძრავის გამოშვებით, GM მიანიშნებს თავის განზრახვაზე, რვაცილინდრიანი ძრავა თავის ავტომობილებში 2030-იან წლებამდე შეინარჩუნოს.
მიუხედავად ამისა, კომპანია ინარჩუნებს თავის დაპირებას, რომ მომდევნო ათწლეულის შუა პერიოდისთვის სრულად ელექტროძრავებზე გადავა. როგორც ეს, თავდაპირველად, 2019 წელს გამოაცხადა.