მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წესში ცვლილებები შედის | მომსახურების სააგენტოს განცხადება
მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2026 წლის ივნისიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.