აუქციონი, როდსტერი, სპორტქარი, შელბი, შელბი კობრა, შელბი 427 კობრა
Aa
Aa

აუქციონზე უიშვიათესი Shelby 427 Cobra Roadster-ი გამოჩნდა

1966 წლის Shelby 427 Cobra Roadster-ის პოვნა საავტომობილო სამყაროში თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს, თუმცა Mecum-ის მომავალ კვირას დაგეგმილ აუქციონზე სწორედ ასეთი იშვიათობა გამოჩნდება. სავარაუდოდ, როდსტერი კოლექციონერებს შორის ნამდვილ ომს გამოიწვევს, რადგან საქმე არა რეპლიკასთან (რაც Cobra-ს შემთხვევაში ძალიან ხშირია), არამედ ნამდვილ ლეგენდასთან გვაქვს.

ეს ავტომობილი ერთ-ერთია იმ 16 ორიგინალ 427 Cobra-ს შორის, რომელიც ქარხნულად შავ ფერში შეიღება და გარდა ამისა, იმ 155 ეგზემპლარს მიეკუთვნება, რომლებიც big-block ძრავით აიგო. მიუხედავად იმისა, რომ გარბენი არ სახელდება, როდსტერს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი, 427 კუბური-დუიმის მოცულობის V8 ძრავა და ოთხსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.

კობრების სამყაროში, სადაც ათწლეულების განმავლობაში მომხდარმა ავარიებმა და მრავალჯერადმა რესტავრაციებმა ბევრი ავტომობილის ისტორია „დააბინძურა“ (ან გაანადგურა), ეს ეგზემპლარი გამორჩეულია — მისი კორპუსი და შასი ხელუხლებელია. ავტომობილმა რესტავრაცია მხოლოდ ორიგინალი კომპონენტების გამოყენებით გაიარა, რის შემდეგაც ისე გამოიყურება, თითქოს ქარხნის კონვეიერი სულ ახლახან დატოვა. ქრომირებული დეტალები და კლასიკური დისკები მას სრულყოფილ იერს სძენს.

კლასიკური სტილი ინტერიერშიც შენარჩუნებულია — შავი ტყავის სალონი, ქრომირებული სიჩქარის გადამრთველი, ხის სამქიმიანი საჭე და ტრადიციული ხელსაწყოთა დაფა. მსგავსი მოდელები ხშირად ასტრონომიულ ფასებში იყიდება — ზოგიერთი ეგზემპლარი 3 მილიონ დოლარზე მეტადაც კი გაყიდულა, ხოლო ყველაზე ჩვეულებრივი, დიდი გარბენის მქონე მოდელებიც კი მინიმუმ 1 მილიონი დოლარი ღირს.

რა თქმა უნდა, ამ ფასად კარგი სახლის ყიდვაც შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, სახლი ისეთ ემოციასა და ადრენალინს ვერ იძლევა, როგორის შემოთავაზებაც ამ Shelby-ს შეუძლია (თუმცა, მე მაინც სახლის ყიდვას გირჩევდით).

მსგავსი სიახლეები