სუპერქარი, ფოლცვაგენი, ფოლცვაგენი გოლფი, ბუგატი ვეირონი
Aa
Aa

Bugatti-მდე იყო Volkswagen: სუპერქარი, რომელმაც რეკორდები დაამხო

Volkswagen Group-ში ფერდინანდ პიეხის მმართველობის დროს, ალბათ, არ არსებობდა პროექტი, რომელიც მისი გუნდისთვის შეუძლებელი შეიძლება ყოფილიყო. მართალია, კომპანიის ძვირად ღირებულმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ კულმინაცია უკვე ყოვლისმომცველ Veyron-ში ჰპოვა, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მანამდე არსებობდა კიდევ ერთი რეკორდსმენი სუპერქარი — მოდელი, რომელიც VW-მა ჯერ კიდევ Bugatti-ს შეძენამდე შექმნა.

W12 Syncro-ს კონცეპტის დებიუტი 1997 წელს, ტოკიოს ავტოშოუზე შედგა. სუპერქარს 5.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც ორი 2.8-ლიტრიანი VR6-ის გაერთიანებით შეიქმნა. ეს უკანასკნელი Golf-ის მაღალი სპეციფიკაციის ჰოთ-ჰეტჩებიდან იყო მიღებული. შედეგად, ავტომობილი 414 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მათ 6-სიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალზე ანაწილდებდა. ეს გახლდათ სრულფასოვანი სუპერქარი, რომლის დიზაინიც თავად ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმნა.

2001 VW W12 Nardo Concept       

თვალისმომჭრელი W12 Roadster-ი უკვე ერთი წლის შემდეგ, 1998 წლის ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდა. განსხვავებული ტიპის ძარის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც VW-მა ამ მოდელში შემოგვთავაზა, როდსტერის უკანაწამყვანად გადაქცევა გახლდათ. ავტომწარმოებელი ამტკიცებდა, რომ მათი მოდელი 100 კმ/სთ-ს დაახლოებით 4 წამში ავითარებდა.

თუმცა, W12 სუპერმანქანის ისტორია ამით სულაც არ დასრულებულა, რადგან უკანასკნელი ეგზემპლარი მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა. 2001 წელს Volkswagen-მა განაცხადა, რომ იტალიაში, სამხრეთ იტალიაში, ნარდოს (Nardo Ring) ტრეკზე 24-საათიანი სიჩქარის რეკორდის დამყარება სურდა. შთამბეჭდავი პროექტიც წარადგინა.

პირველი კონცეფციის დებიუტიდან სულ რამდენიმე წელიწადში, VW-ს თავისი პროექტი სრულად ახალ საფეხურზე ჰყავდა აყვანილი. ძრავის მოცულობა 6 ლიტრამდე გაიზარდა, სიმძლავრე უკვე 591 ცხენის ძალას აღწევდა და, ამ ყველაფრის მიუხედავადაც, სუპერქარი სულ რაღაც 1 200 კილოგრამს იწონიდა. შედეგად, გერმანელებს იდეალური თანაფარდობაც, 50/50-ზე, დაცული ჰქონდათ.

ეს ყველაფერი არაა: მოდელი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.5 წამზე ნაკლებს ანდომებდა, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-ს აღწევდა. მართალია, ის ლეგენდარული McLaren F1-ის ლიგაში ამ შედეგებით ვერ ხვდებოდა, თუმცა ამ მაჩვენებლებით W12 Nardo დღემდე ატმოსფერული ძრავის მქონე ერთ-ერთ უწრაფეს ავტომობილად რჩება. VW-ის სუპერქარის ფინალურ ვერსიას ახლა 25 წელი უსრულდება და, მიუხედავად იმისა, რომ სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა, ნარდოს რეკორდებმა მისი სახელი ისტორიას სამუდამოდ შემოუნახა.

Volkswagen W12 concept        

პირველი მცდელობა, თავად პიეხის მმართველობის ქვეშ შედგა. მაშინ W12-მა 24 საათის განმავლობაში საშუალო სიჩქარით — 295 კმ/სთ — იარა და 9 რეკორდიც დაამხო, თუმცა პიეხისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მან გუნდს 300 კმ/სთ-იანი ბარიერის გადალახვა „უბრძანა“. W12 ნარდოს ტრეკზე უკვე 2002 წლის 23 თებერვალს დაბრუნდა. დამყარდა 6 მსოფლიო რეკორდი, საშუალო სიჩქარემ კი 24 საათის განმავლობაში 322.8 კმ/სთ-ს მიაღწია. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის მფლობელობაში Bugatti, Lamborghini და Bentley გადავიდა, პრიორიტეტებიც შეიცვალა და Veyron-ისკენ მიიმართა.

მიუხედავად ამისა, W12 ძრავა სერიულ მოდელებში ვიხილეთ — მათ შორის Audi A8-ში, VW Phaeton-სა და Touareg-ში. მთავარი მოდელი, რომელშიც გერმანელებმა ეს აგრეგატი მოათავსეს, მაინც ალბათ Bentley-ია. ყველაზე დიდხანს W12 სწორედ ამ ემბლემით გამოშვებულ მოდელებში გვხვდებოდა და, საბოლოოდ, თავისი ეპოქა 2024 წელს, ულამაზესი Batur-ით დაასრულა.

მთავარი ფოტო: MOTOR1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები