კვლევა, ბატარეა, ელექტრომობილები, ევროპა
Aa
Aa

ევროპა ელექტრომობილებში €200 მილიარდს ჩადებს | რეგიონი ჩინეთზე დამოკიდებულებას ებრძვის

კვლევითი ჯგუფის, New Automotive-ის უახლესი ანგარიშით, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებმა, შვეიცარიასთან ერთად, ელექტრომობილების ეკოსისტემის განვითარებისთვის 200 მილიარდამდე ევროს ინვესტირების ვალდებულება აიღეს. მასშტაბური ინვესტირების ახალი ეტაპი რეგიონის მცდელობაა, შეამციროს დამოკიდებულება ჩინეთზე და განავითაროს ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2025 წელს წარმოებული ბატარეების 80%-ზე მეტი სწორედ ჩინეთზე მოდიოდა — მათ შორის არა მხოლოდ ელექტრომობილებისთვის, არამედ სხვა ინდუსტრიებისთვის განკუთვნილი ბატარეებიც. ევროპის ახალი ინვესტიცია რამდენიმე ძირითად სექტორზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • 109 მილიარდი ევრო — ბატარეების მიწოდების ჯაჭვი;
  • 60 მილიარდი ევრო — ელექტრომობილების წარმოება;
  • 23-დან 46 მილიარდამდე ევრო — საჯარო დამტენი ქსელების გაფართოება (უკვე განთავსებულია 1 მილიონზე მეტი წერტილი).

„ამჟამად ევროპაში, ადგილობრივად გაყიდული ყოველი სამი ელექტრომობილიდან დაახლოებით ერთისთვის იწარმოება ბატარეები. ანონსირებული სიმძლავრის სრულად ათვისების შემთხვევაში კი, მას შიდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია“, — აცხადებენ New Automotive-ში.

ცნობისთვის, რეგიონში ინვესტიციების თითქმის მეოთხედი გერმანიაზე მოდის. შედეგად, ქვეყანა ევროპაში ელექტრომობილების სექტორის უმსხვილესი ეროვნული ცენტრია. ამავდროულად, იგი წარმოადგენს საყრდენს როგორც ადგილობრივი წარმოებისთვის, ისე ბევრად ფართო ევროპული ღირებულებათა ჯაჭვისთვის, სადაც წამყვანი ავტომწარმოებლები და ბატარეების საერთაშორისო გიგანტები მასშტაბურ ტრანსფორმაციას ახორციელებენ.

ევროპის ქვეყნების მიხედვით, ელექტრომობილების ეკოსისტემაში ინვესტირების თანაფარდობა:

კამპანია E-Mobility Europe-ის მონაცემებით, ახალი ინვესტიციებით უკვე შეიქმნა 150 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს რიცხვი შესაძლოა 300 000-მდე გაიზარდოს. თუმცა, ექსპერტების გაფრთხილებით, გლობალური კონკურენციისთვის ევროპას კვლავ სჭირდება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორებიცაა: სახელმწიფო სუბსიდიები, ადგილობრივი ბაზრის დაცვა და ენერგიაზე სტაბილური ტარიფები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები