ავარია, სუპერქარი, იშვიათი ავტომობილები, ფერარი, მერსედეს ბენცი, ფერარი 812 კომპეტიციონე
Aa
Aa

საკითხავია, რომელი უფრო დაზიანდა | Ferrari-ს $2.5-მილიონიანი სუპერქარი Mercedes-ს შეასკდა

მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი, სულ რაღაც 599 ეგზემპლარად გამოშვებული Ferrari 812 Competizione Aperta სწრაფადვე გახდა კოლექციონერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის ღირებულება რამდენიმე წლის წინ მხოლოდ 700 000 აშშ დოლარიდან იწყებოდა, დღეს ის დაახლოებით 2.5 მილიონ დოლარს აღწევს. სუპერქარის იშვიათობა კი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმ ფაქტს, თუ რა დაემართა მას Mercedes-თან შეჯახების შემდეგ.

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სრულად „საღსალამათი“ ავტომობილი გზატკეცილზე მოძრაობდა, თუმცა რამდენიმე წამში იტალიური სუპერქარი Mercedes-Benz E-Class Cabriolet-ის უკანა ნაწილის ქვეშ აღმოჩნდა გაჭედილი. ახლა კი, წინა და გვერდითი ნაწილების დაზიანების გამო, შესაძლებელია ის ჩამოწერონ და აუქციონზე აღმოჩნდეს.

ავარიის ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა შემთხვევის ადგილიდან თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ Ferrari-ს მძღოლმა Mercedes-ს უკნიდან დაარტყა. შეჯახების ძალა კი იმდენად დიდი იყო, რომ ძვირად ღირებული Ferrari-ს წინა კარბონის ნაწილი ამოვარდა და, სავარაუდოდ, ძრავის განყოფილებაც დაზიანდა. ამას ემატება საქარე მინა და მძიმედ დაზიანებული მგზავრის მხარე.

ამ ყველაფრის ფონზე კი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, Mercedes-ი ამ ამბიდან ბევრად მარტივად „გამოძვრა“. გერმანული ავტომობილის დაზიანება ძირითადად ბამპერით შემოიფარგლება და, შესაბამისად, მისი აღდგენაც ბევრად იაფი და მარტივი იქნება.

შედეგი კი ნამდვილად სავალალოა და ახლა Ferrari-ს ბედი მისი დამზღვევის ხელშია. თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ მისი შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება, ეს იშვიათი მოდელი შესაძლოა ჩამოწერილად გამოცხადდეს და აუქციონზე აღმოჩნდეს. სამყაროს კი მოუწევს, 812 Competizione Aperta-ს არსებული 599 ეგზემპლარიდან ერთ-ერთთან გამომშვიდობება. ეს სუპერქარი 6.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავაზე მუშაობს, რომელიც 9 250 ბრ/წთ-ზე 819 ცხენის ძალასა და 690 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები