ფორმულა 1, მერსედესი, რედ ბული, კადილაკი, სერხიო პერესი, ვალტერი ბოტასი
Aa
Aa

პერესი თუ ბოტასი? | რომელ მრბოლელებს ვიხილავთ Cadillac-ის F1 გუნდში?

როგორც ცნობილია, Cadillac-ი 2026 წლის სეზონიდან Formula 1-ის ჩემპიონატს მე-11 გუნდად შეუერთდება. ხოლო General Motors-ი, იქნება პირველი ამერიკული ავტომწარმოებელი, რომელსაც ჩემპიონატში საკუთარი გუნდი ეყოლება. დრო გადის ახალი გუნდის ხელმძღვანელობა კი, მრბოლელების ვინაობის გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახლა მთავარი ყურადღება ბოლიდის შექმნაზეა გამახვილებული.

მიუხედავად ამისა, მრბოლელთა სია უკვე აქტიური განხილვის საგანია. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა წამყვან მრბოლელს თავის გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, რთული სათქმელია, თუ ვის ვიხილავთ Cadillac-ის ბოლიდის საჭესთან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი სამიზნეები სერხიო პერესი და ვალტერი ბოტასი არიან.

ცნობების მიხედვით, Cadillac-ის წარმომადგენლები პერესს Red Bull-იდან დათხოვნის შემდეგ მალევე დაუკავშირდნენ. მართალია, მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს, მაგრამ პერესი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება. თანაც იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ Red Bull-ის ყოფილი პილოტის დარწმუნება ახალ გუნდს ლათინოამერიკელ გულშემატკივრებსაც გადმოაბირებინებს.

რაც შეეხება ბოტასს, მის გადმობირებაზე არსებული ხმები ცოტა ხნის წინ, მრბოლელის მიერ TikTok-ის საშუალებით გამოქვეყნებულმა ვიდეომაც გაამძაფრა. ვიდეოში ის Cadillac-ის ავტომობილს აწყდება, საჭესთან ჯდება და ამბობს, რომ ადგილი ძალიან მოსწონს. ბევრმა ეს კომენტარი ერთგვარ მინიშნებად აღიქვა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2026 წლისთვის ორივე პილოტის გადაბირებას Alpine-იც ცდილობს, რაც Cadillac-ის გეგმებს ართულებს.

მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ Cadillac-ი ორივე მრბოლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. რომ აღარაფერი ვთქვათ პერესზე, ბოტასიც, რომელსაც Mercedes-ის შემდეგ გულშემატკივრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავს,  F1-ის ახალბედა გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნება.

შედეგად, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, Cadillac-ის მთავარი სამიზნეები პერესი და ბოტასი არიან. თუმცა მედია აქტიურად განიხილავს სხვა კანდიდატებსაც. მაგალითად ჭოუ კუანიუს, რომელიც საკმაოდ გამოცდილი პილოტია და ამჟამად, Ferrari-ს სარეზერვო მრბოლელია, ასევე იუკი ცუნოდას, რომელსაც Red Bull-ში პრობლემების შემდეგ, შესაძლოა Cadillac-ში ახალი დასაწყისის სურვილი ჰქონდეს.

 

მსგავსი სიახლეები