ბულინგში ბრალდებულებს აშშ-ში შესაძლოა მართვის მოწმობა ჩამოერთვათ
აშშ-ში, კერძოდ კი ტენესის შტატში, შესაძლოა ბულინგი ავტომობილის მართვის აკრძალვის მიზეზად იქცეს. ახალი კანონპროექტი, რომელიც უკვე ძალაშიც შევიდა, ბულინგის ან კიბერბულინგისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ერთ წლამდე მართვის უფლების ჩამორთმევას ითავლისწინებს.
მიღებული გადაწყვეტილება დამნაშავე პირებზე განსხვავებული გზებით იქონიებს გავლენას. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც მართვის მოწმობას უკვე ფლობენ, მანქანის მართვა 1 წლამდე ვადით შეეზღუდებათ. ხოლო იმ ბრალდებულების შემთხვევაში, რომელთაც ლიცენზია ჯერ არ აქვთ, სასამართლო უფლებას იტოვებს, ტენესის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეშვეობით, მართვის მოწმობის გაცემის პროცესი შეაჩეროს.
თუმცა, როგორც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, მართვის მოწმობის ჩამოსართმევა არ უნდა გახდეს დაბრკოლება ისეთ სიტუაციებში, როდესაც პირს სამსახურში ან სასწავლებელ დაწესებულებაში მისასვლელად მანქანის მართვა სჭირდება. მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, ბრალდებულებს ათი დღე აქვთ შეზღუდული მართვის მოწმობის მისაღებად, რომელიც მხოლოდ სამსახურში, სკოლაში და რელიგიურ დაწესებულებებში მგზავრობის უფლებისთვის გაიცემა. საფასური 20 დოლარია, თუმცა მსურველებს დამატებით მართვის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, სასამართლო შეზღუდული მართვის მოწმობის დამტკიცებას და იმ ტერიტორიებს დაადგენს, სადაც ბრალდებულს გადაადგილება შეუძლია.
„ბულინგი შეიძლება გრძელვადიანი ზიანის მიყენების მიზეზი გახდეს, რაც ადამიანის ცხოვრებაში მოგვიანებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს“, - განაცხადა CNN-ის შტატის წარმომადგენელმა ლოუელ რასელმა. ინიციატორების შეფასებითვე სასჯელი შესაძლოა მკაცრად ჟღერდეს, თუმცა მისი მიზანი მოზარდებში ამ ქცევის აღმოფხვრაა მანამ, სანამ ის ცხოვრებისეულ წესად იქცევა.