ევროპაში ბენზინზე მომუშავე მანქანების გაქირავება აიკრძალება?
ევროპაში ავტომოყვარულებს ან უბრალოდ მძღოლებს, კვლავ აქვთ საშუალება ბენზინზე მომუშავე ავტომობილები შეიძინონ. ყოველ შემთხვევაში, 2035 წლამდე მაინც, სანამ ევროპის კავშირის რეგულაციები ამოქმედდება. თუმცა, როგორც ჩანს, წესები, ეტაპობრივად, უკვე მკაცრდება.
გერმანული მედიის ცნობით, ევროპის კომისია მუშაობს გეგმაზე, რომელიც 2030 წლიდან გაქირავების კომპანიებსა და მსხვილ კორპორაციებს შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე შეზღუდვას დაუწესებს. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ასეთ კომპანიებს მხოლოდ ელექტრომობილების შეძენის უფლება ექნებათ, რომლებითაც ისინი ძველ ავტომობილებს ჩაანაცვლებენ.
თუ ვივარაუდებთ, რომ გასაქირავებელი ავტომობილების უმეტესობა კომპანიის ავტოპარკში მხოლოდ ერთი ან ორი წელი ძლებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ დამქირავებლებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ 2032 წლიდან, ან უფრო ადრეც, ელექტრომობილებზე გადავიდნენ.
კომპანიები EV-ებს უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა როგორც წესი მათი დაქირავება შედარებით უფრო ძვირია და ნაკლებად პოპულარულიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელექტრომობილების შეკეთება კორპორაციებს ასევე უფრო ძვირი დაუჯდებათ.
თუ ეს ინიციატივა კანონად იქცევა და დიდ კორპორაციებსა და გაქირავების ბიზნესებზე გავრცელდება, ბევრის ვარაუდით, ეს ქმედება 2035 წლის აკრძალვის ამოქმედებასაც დააჩქარებს. ამავდროულად კი, ახალმა რეგულაციამ შესაძლოა შიგა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანების გაყიდვებიც შეამციროს, რაც შემდგომ, მეორადი მანქანების ბაზარზე მათი ფასების ზრდაშიც გამოიხატება.