Takata-ს მკვლელი აირბაგი | სტელანტისი Dodge-ებს, Chrysler-ებს, Jeep-ებსა და Mitsubishi-ებს უკან გაიწვევს
Takata-ს აირბაგები საავტომობილო სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა — ამჯერადაც უსიამოვნების გამო. Stellantis-ი ასობით ათას Dodge-ს, Chrysler-ს, Jeep-სა და Mitsubishi-ს უკან იწვევს, რადგან მათი აირბაგების გასაბერი ტუმბო შესაკეთებელია. პრობლემა ახალი არ არის, ბრენდმა ამ მიზეზით ეს მოდელები წარსულშიც არაერთხელ გაიწვია, თუმცა ახლა მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს, რადგან რაც უფრო დიდი დრო გადის, მით მეტია შანსი, რომ მძღოლები ამ ხარვეზის გამო დაზარალდნენ.
Takata-ს აირბაგის გასაბერი ტუმბოს გამო პირველი გაწვევა 2013 წელს მოხდა და ეს საავტომობილო ისტორიაში უსაფრთხოების უდიდესი კამპანია იყო. მას შემდეგ, Fiat Chrysler Automobiles-ის ცნობით, დეფექტური ტუმბო 6.6 მილიონ ავტომობილზე შეიცვალა.
მიუხედავად ამისა, გზებზე კიდევ 225 000 შესაკეთებელი ავტომობილი დაიარება. Stellantis-ი ამჯერად ბევრად უფრო მკაცრია — განცხადებაში ვკითხულობთ: „არ მართოთ ავტომობილი, სანამ პრობლემას არ მოაგვარებთ“.
რომელ მოდელებს შეეხება გაწვევა?
სტელანტისის გაწვევები Dodge-ის რამდენიმე მოდელს შეეხება: 2003-2010 წლების Dodge Ram სატვირთოებს, 2004-2009 წლების Dodge Durango-ებს, 2005-2011 წლების Dodge Dakota-ს, 2005-2008 წლების Dodge Magnum-ებს, 2006-2015 წლების Dodge Charger-ებსა და 2008-2014 წლების Challenger-ებს.
ასევე, გაწვეულთა შორისაა 2007-2009 წლების Chrysler Aspen-ი, 2005-2015 წლების Chrysler 300, 2007-2016 Jeep Wrangler-ი და 2006-2009 წლების Mitsubishi Raider-ი.
თუ დარწმუნებული არ ხართ, არის თუ არა თქვენი ავტომობილი გაწვეულთა რიგებში, გამოიყენეთ NHTSA-ის პორტალი და ეს ინფორმაცია VIN კოდის საშუალებით გადაამოწმეთ.
მხოლოდ აშშ-ში, როცა გაწვევების პირველი ტალღა დაიწყო, ის 67 მილიონ ავტომობილს შეეხო. შესაბამისად, საფრთხე, რომელსაც ეს აირბაგები შეიცავს, კარგადაა გამოკვლეული. 12 წლის განმავლობაში, აღნიშნულ პრობლემას დადასტურებულად 28 ადამიანი შეეწირა და 400-ზე მეტი დაშავდა — ყველა შემთხვევაში, აირბაგის გახსნისას კაფსულა აფეთქდა და მეტალის ნამსხვრევები ავტომობილის სალონში გაისროლა.