ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მინივენების პოპულარობა იზრდება — რომელ მოდელებს ირჩევენ ამერიკელები?
1980-იან წლებში საავტომობილო ბაზარს მინივენები განაგებდნენ — მაგალითად, Chrysler-ი გაკოტრებას სწორედ ამ სეგმენტმა გადაარჩინა. ეს იქამდე ხდებოდა, სანამ გვირგვინს SUV-ები გადაიბარებდნენ, რომლებიც ბევრად ნაკლებად პრაქტიკულები იყვნენ, თუმცა უკეთ გამოიყურებოდნენ. როგორც ჩანს, რამდენიმე დეკადის შემდეგ, მინივენები საპასუხო დარტყმას ამზადებენ.
კანადის ბაზარზე ამ სეგმენტში გაყიდვები 34%-ით გაიზარდა და 42 377 ერთეული შეადგინა. ორნიშნა იყო ზრდა აშშ-შიც, სადაც 2024-ზე 20%-ით მეტი, 395 352 მინივენი გაიყიდა. ეს 2020 წლის შემდეგ კონკრეტული სეგმენტის მიერ დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
რა შეიცვალა? პირველ რიგში, ყურადღება ფასის ფაქტორს უნდა მივაქციოთ — დიდი, სამრიგა SUV-ების ფასი რეგულარულად იზრდება. Autonews-ის ცნობით, ამ სეგმენტის წარმომადგენლების ფასები კანადაში 2025-ში 8%-ით გაიზარდა...
თუ გულწრფელები ვიქნებით და ვიზუალს გვერდით გადავდებთ, მინივენი სტანდარტულ სპორტულ უნივერსალზე ბევრად პრაქტიკული არჩევანია — მეტი სივრცე სალონში და მეტი ადგილი ოჯახის წევრებისთვის, ხოლო თუ ნივთების გადაზიდვა გჭირდებათ, მინივენი მაშინვე მიკროავტობუსად გადაიქცევა... სეგმენტი პოპულარულია კემპინგის მოყვარულებშიც — გადით თქვენი მინივენით ქალაქგარეთ, გადაკეცეთ ყველა სავარძელი და თქვენ განკარგულებაში ბორბლებიანი სახლი აღმოჩნდება.
თუ გაინტერესებთ, რომელია ამერიკულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული მინივენი, ეს Chrysler Pacifica-ა, რომელზეც არჩევანი 110 000-მა მძღოლმა შეაჩერა — მალე კი ამ მოდელის რესტაილინგი გამოჩნდება. კანადურ ბაზარზე კი ყველაზე პოპულარული Toyota Sienna-ა, რომლის გაყიდვებიც 35%-ით გაიზარდა. სხვათა შორის, სიენა ამერიკელებსაც უყვართ და 2025-ში Toyota-მ შტატების ბაზარზე 101 000 მინივენი გაყიდა.
ტრადიციული გაგებით მინივენების სეგმენტი პოპულარული არც არასდროს ყოფილა — ავტომოყვარულებზე მეტად, მას, ცხადია, ის მძღოლები აფასებენ, რომლებიც ავტომობილში პრაქტიკულ დანიშნულებას ეძებენ (შესაძლოა, ეს წინადადება ვრცელდებოდეს SUV-ების მძღოლების ნაწილზეც).
იყიდდით მინივენს? თუ კი, რომელ მოდელს?