Formula 1-ში Cadillac-ის პილოტები ცნობილია | ჩემპიონატში გამოცდილი მრბოლელები ბრუნდებიან
2026 წლის სეზონიდან, Cadillac-ი Formula 1-ის ჩემპიონატს მე-11 გუნდად შეუერთდება. ხოლო General Motors-ი, იქნება პირველი ამერიკული ავტომწარმოებელი, რომელსაც ჩემპიონატში საკუთარი გუნდი ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ Cadillac-ის F1-ში დაბრუნება რამდენიმე თვის წინ დადასტურდა, გუნდი პილოტების ვინაობის გამხელისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. თუმცა საბოლოოდ, Cadillac-მა გავრცელებული ხმები დაადასტურა.
როგორც ცნობილია, მომავალ პილოტებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია. 2026 წლის სეზონიდან კი, Cadillac-ის ბოლიდების საჭესთან გამოცდილ მრბოლელებს, სერხიო პერესსა და ვალტერი ბოტასს ვიხილავთ. Cadillac-ის პრეზიდენტის მარკ რუსის განცხადებით, მათ გადაწყვეტილება მრბოლელების გამოცდილებისა და კარიერის განმავლობაში პოდიუმების რაოდენობით მიიღეს.
36 წლის ბოტასი, 2017-21 წლების სეზონზე Mercedes-ში, ლუის ჰამილტონთან ერთად ასპარეზობდა, რა დროსაც პილოტმა ჯამში 10 გამარჯვება დააგროვა. ხოლო პერესს, რომელიც 35 წლის გახლავთ, 2021-24 წლებში, Red Bull-თან ერთად ექვსი გრან-პრი აქვს მოგებული.
პრესკონფერენციაზე ბოტასმა განაცხადა, რომ Cadillac-ის გეგმები F1-ში საკმაოდ ამბიციურია, თუმცა ამავდროულად რეალურიც: „ეს მხოლოდ სარბოლო პროექტი არაა. ეს გრძელვადიანი გეგმაა. ყოველდღე არ გაქვს შანსი ნულიდან ააშენო ის, რაც Formula 1-ს ნამდვილად ეკუთვნის“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პერესმაც ისაუბრა და დასძინა, რომ მსგავსად ფანტასტიკური გუნდის დახმარება, რათა ის F1-ის ნაწილად იქცეს, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ მისიას წარმატებით შეასრულებს.