„იუთუბერმა“ ჩამოწერილი ჩინური ელექტრომობილი იყიდა და მისი აღდგენა სცადა...
მასაჩუსეტსელმა „იუთუბერმა“, რომელიც სოციალურ ქსელში Rich Rebuilds-ის სახელითაა ცნობილი, აუქციონზე $2 900-ად ჩინური ელექტრომობილი Polestar 2 შეიძინა. ავტომობილის ფასი თავიდან შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ეჭვები მაშინვე გაიფანტება, როცა გეტყვით, რომ ეს EV ჩამოწერილი იყო — დაზიანებული ჰქონდა როგორც ქვედა ნაწილი, ისე აკუმულატორი. თუმცა რიჩ ბენუას ერთი მარტივი მიზანი ამოძრავებდა — მას ავტომობილის გზაზე დაბრუნება სურდა და თან, ამისთვის $3 500-ზე ნაკლები თანხა უნდა დაეხარჯა.

რეალურად, წარსულშიც Rich Rebuilds-ს ავტომობილის აღსადგენად არაერთი რთული პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის იყო დაზიანებული Bentley Arnage, რომელიც ნაგავსაყრელიდან $5 000-ად შეიძინა, ასევე ავარიული McLaren 720S, რომლის შეკეთებაც ზოგისთვის სახიფათოც კი ჩანდა. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ერთნაირი სირთულის არ ყოფილა — მაგალითად, განსაკუთრებულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული წყალდიდობის შედეგად დაზიანებული Lucid Air-ის აღდგენა.
ამჯერად ბენუას ყურადღება Polestar 2-მა მიიპყრო. ავტომობილი აუქციონზე მას შემდეგ მოხვდა, რაც კომპანიამ გაუფასურებული ელექტრომობილების გაყიდვა დაიწყო. ეს აშშ-ში ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე რეგულაციების გამკაცრების ფონზე მოხდა.

Polestar 2-ის აღდგენა რიჩმა ავტომობილის შემოწმებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაქირავების პერიოდში ელექტრომობილს დაახლოებით 130 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, ბენუას შეფასებით, მოდელის ხარისხი მაინც საკმაოდ კარგად იყო შენარჩუნებული.
ყველაზე დიდი ყურადღება კი აკუმულატორს სჭირდებოდა, რის გამოც ავტომობილიდან მისი ამოღება და ცალკე დატენვა გახდა საჭირო. ბენუამ Polestar 2-ის კონსტრუქციაც შეაქო და აღნიშნა, რომ Lucid-თან შედარებით მისი შეკეთება გაცილებით მარტივი აღმოჩნდა.
„ამ ავტომობილისა და იმ Lucid-ის სირთულეს თუ შევადარებთ, რომელზედაც ცოტა ხნის წინ ვმუშაობდით, ეს სამშენებლო კუბიკების აწყობას ჰგავს. Lucid-ი კოსმოსური ხომალდივითაა, ეს კი ძალიან მარტივია“, — თქვა „იუთუბერმა“.

თუმცა ავტომობილის ჩართვისთანავე რამდენიმე გაფრთხილებაც გამოჩნდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გაგრილების სისტემას უკავშირდებოდა. ბენუამ სისტემის შემოწმებისას 14 შეცდომის კოდიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა აკუმულატორის გაგრილების სისტემის მართვის სარქველს უკავშირდებოდა.
ბენუამ აკუმულატორის დაზიანებული ნაწილების შეკეთებაც სცადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ავტომობილი დაძრულიყო. შემდეგ ივარაუდა, რომ პრობლემა მაღალი ძაბვის სისტემის დამცავ წრედში იყო. აღმოჩნდა, რომ ავტომობილს შესაბამისი მცველიც კი აკლდა და ის eBay-ზე $200-ად შეიძინა. თუმცა პრობლემები მაინც რჩებოდა. ბოლოს „იუთუბერს“ მრავალარხიანი გამაგრილებლის შემცვლელი გამანაწილებლის შეცვლაც მოუწია — $12-იანი ალტერნატივით. სისტემაში შეცდომის კოდების გასწორების შემდეგ კი აკუმულატორის დამუხტვის დონე 11%-მდე გაიზარდა.
ავტომობილის გზაზე პირველი გასვლისას Polestar-ის კიდევ რამდენიმე დეფექტიც გამოჩნდა. მათ შორის, ელექტრომობილის ამორტიზატორის ზედა სამაგრიც გატეხილი იყო. სავარაუდოდ, ამის მიზეზი წინა ავარია გახდა. ბენუამ ხუმრობით აღნიშნა, რომ დაზიანებული ნაწილი იაპონიაში იყო წარმოებული.
„თუ ამ ავტომობილზე ისეთი ნაწილი გაფუჭდება, რომელიც ჩინეთში არაა წარმოებული, ალბათ ეს ამ ამბის ყველაზე სასაცილო ნაწილი იქნება. ეს იაპონიაშია წარმოებული — ერთადერთი არაჩინური ნაწილი გაფუჭდა“, — თქვა მან.
საკიდრის შეკეთების შემდეგ ბენუამ Polestar 2-ის შესაძლებლობების გამოცდა შეძლო. მაღალი სიჩქარით აჩქარებისას ავტომობილმა 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეძლო, მაშინაც კი, როცა აკუმულატორი მხოლოდ 47%-ით იყო დამუხტული. მართალია, სრული ძალებით გზებზე დასაბრუნებლად ელექტრომობილს შეკეთება კვლავ სჭირდება, თუმცა „იუთუბერმა“ მიზანს, ალბათ, უკვე მიაღწია. პროექტმა კი დაამტკიცა, რომ ჩამოწერილი ელექტრომობილის აღდგენა ზოგჯერ გაცილებით ნაკლებ ფასადაც შესაძლებელია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს