რატომ არის ნიუ-იორკში ყველა ტაქსი ყვითელი ფერის?
წესით, ფილმებში მაინც შემჩნეული გექნებათ, რომ ნიუ-იორკში ყველა ტაქსი ყვითელი ფერისაა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითობა ან დამთხვევა არაა და ამ „ერთფეროვნების“ უკან საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია დგას. კერძოდ კი, ერთი ბიზნესმენის იდეა, უკეთ ხილვადობის კვლევა და ადმინისტრაციულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ ეს ფერი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ აქცია.

ნიუ-იორკის ტაქსების გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. თუმცა ამ დროს ფერის მიღმა არსებული ისტორია იმაზე ადრეც კი იწყება, ვიდრე ყვითელი ტაქსი ურბანული ტრანსპორტის სიმბოლოდ იქცეოდა. ყვითელი ტაქსების ერთ-ერთი ადრეული მაგალითი 1883 წლით თარიღდება. ამ წელს New-York Cab Company-მ თავისი ეტლები ყვითლად შეღება, რათა ისინი კონკურენტებისგან განსხვავებული ყოფილიყვნენ. საბოლოოდ კი, იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სხვა კომპანიები არც მის გადაღებას მორიდებიან. ეტაპობრივად, ყვითელი მგზავრთა გადაყვანასთან ასოცირებულ ფერად იქცა, თუმცა საყოველთაოდ მის დამკვიდრებას კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა.
ყვითელი — როგორც გამორჩეული ფერი
უკვე 1915 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა უკვე ნიუ-იორკში, არამედ ჩიკაგოში გადაიდგა. ბიზნესმენმა ჯონ ჰერცმა, რომლის გვარიც მოგვიანებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოგაქირავების კომპანიის სახელწოდებად იქცა, Yellow Cab Company დააარსა.

ყვითელი ფერის არჩევანს აქაც პრაქტიკული მიზეზი ჰქონდა: ჰერცს უნდოდა, მისი ავტომობილები ქუჩებში გადაადგილებისას მგზავრებისთვის მარტივად შესამჩნევად ექცია.
ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჩიკაგოს უნივერსიტეტის იმდროინდელი კვლევა გახდა. კვლევის თანახმად, შორ დისტანციაზე ყვითელი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესამჩნევი ფერი იყო. იმ დროს კი ავტომობილების უმეტესობა შავი ფერის გახლდათ და გზებზე გამორჩევა კონკურენტული უპირატესობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.
მოგვიანებით, ეს მიდგომა უკვე სხვა ქალაქებშიც დამკვიდრდა:

ჰერცის კომპანიის წარმატებამ ყვითელი ტაქსების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო. კომპანია სწრაფად მზარდ ბიზნესად იქცა და ეს მიდგომაც ჩიკაგოს საზღვრებს გასცდა. ყვითელი ფერი სხვა ამერიკულ ქალაქებშიც ტაქსების დამახასიათებელ ნიშნად იქცა.
თუმცა ნიუ-იორკში მე-20 საუკუნის დიდი პერიოდის განმავლობაში ტაქსები მხოლოდ ყვითელი ფერის არ ყოფილა. სხვადასხვა კომპანია და კერძო მფლობელიც ავტომობილებს განსხვავებულ ფერებში ღებავდა და ეს იმის მიუხედავადაც, რომ ყვითელი უკვე საკმაოდ გავრცელებული ფერი იყო.
გადამწყვეტი ცვლილება 1960-იან წლებში
ნიუ-იორკში ყვითელი ფერის ტაქსების ფერად დამკვიდრება უკვე 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ქალაქის მმართველობას უნდა მოეძიებინა გზა, რათა ოფიციალურად ლიცენზირებული ტაქსები იმ კერძო სატრანსპორტო საშუალებებისგან გაერჩია, რომლებიც მგზავრებს წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე ემსახურებოდნენ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე ტიპის მომსახურებას შორის კონკურენცია ხშირად მგზავრების აყვანის ადგილებთან დაკავშირებით კონფლიქტს იწვევდა.

1967 წელს მიიღეს გადაწყვეტილება — ოფიციალურად ლიცენზირებულ ყველა ტაქსს ყვითელი ფერი უნდა გამოეყენებინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოფიციალური ტაქსის ქუჩებში ამოცნობა უკვე აღარავის უჭირდა. შედეგად, მგზავრებს აღარ სჭირდებოდათ მისი სახელის ან სპეციალური ნიშნების მოძებნა. ამასთან ერთად კი ყვითელი ფერი მგზავრებისთვის სანდოობის ერთგვარ გარანტიად იქცა.
ფერი, რომელიც არ იცვლება
წლები გავიდა, შეიცვალა ტაქსები, თუმცა არა მათი ფერი. მანჰეტენის ქუჩებზე ათწლეულების განმავლობაში ისეთი მოდელები დომინირებდა, როგორიცაა Checker, რომელიც ნამდვილ საავტომობილო სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით ისინი Chevrolet Caprice-მა და Ford Crown Victoria-მ ჩაანაცვლა... დღეს არაერთ ჰიბრიდსა და ელექტრომობილსაც შევხვდებით. ყვითელი ფერი უცვლელად დარჩა რეგულაციით, რომლის თანახმადაც კი Taxi Yellow-ს უნდა შეესაბამებოდეს.
მართალია, 2012 წლიდან ქალაქში ე.წ. Boro Taxi-ებიც გამოჩნდა, რომლებიც ვაშლისფრადაა შეღებილი და გარე უბნებსა და მანჰეტენის ჩრდილოეთ ნაწილს ემსახურება, თუმცა ამას ყვითელი ფერის პოპულარობაზე გავლენა არ ჰქონია. მიზეზი მარტივია: ყვითელი ტაქსები უკვე არა მხოლოდ ნორმად, არამედ ნიუ-იორკის კულტურის ნაწილად იქცა და ადგილობრივებიც და ტურისტებიც პირველ რიგში სწორედ მათ ეძებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს