იაფი ავტომობილების დეფიციტი | მყიდველები იაფ მანქანებს ეძებენ, თუმცა მათი შეძენა რთულდება
საწვავზე ფასების ზრდისა და ავტომობილების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით იაფი ავტომობილებიც სადილეროებიდან სწრაფად იყიდება. თუმცა ზოგადი სურათი ბევრად პარადოქსულ შედეგს აჩვენებს — იმის მიუხედავად, რომ დაბალფასიანი მოდელები ბევრად სწრაფად იყიდება, ხელმისაწვდომი მოდელების სეგმენტის ნაწილის გაყიდვები მაინც შემცირებულია.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?
Edmunds-ის მონაცემებით, პირველიდან მესამე კვარტლამდე პერიოდში $20 000-დან $29 999-მდე ღირებულების ავტომობილის გაყიდვისთვის საჭირო დღეების რაოდენობა 20%-ით შემცირდა. ეს კი ყველა სეგმენტს შორის გაყიდვების ყველაზე სწრაფი ტემპით აჩქარებაა.
ამასთან, $30 000-დან $39 999-მდე ღირებულების ავტომობილები დაახლოებით 18%-ით უფრო სწრაფად იყიდებოდა, ხოლო $40 000-დან $49 999-მდე სეგმენტში ეს დრო 12%-ით შემცირდა.
ყველა წარმოდგენილი სეგმენტის ავტომობილები უფრო მოკლე დროში იყიდება, ვიდრე ძვირად ღირებული ავტომობილები. იაფი მანქანების ავტოსადგომიდან გაყიდვას 60 დღეზე ნაკლები სჭირდება, ხოლო $50 000-ზე ძვირი მოდელებისას — 60 დღეზე მეტი.

„თუ დილერი ხართ და ამ ფასის კატეგორიის ავტომობილები მარაგში გყავთ, ამ ტემპს ნამდვილად შეამჩნევთ“, — განაცხადა Edmunds-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, აივან დრურიმ.
თუმცა ამბის ერთი მხარეა, რომ იაფი ავტომობილები სწრაფად იყიდება, მეორე კი ის, რომ მათი პოვნა ბაზარზე განსაკუთრებით გართულდა. Cox Automotive-ის მონაცემებით, სექტემბერში ახალი ავტომობილის საშუალო ფასი $49 726 იყო. ამასთან, $40 000-ზე ნაკლები ღირებულების მანქანებიდან რამდენიმე სეგმენტი გამონაკლისიც იყო — მათ შორის, 2026 წლის დასაწყისიდან კომპაქტური ავტომობილების გაყიდვები დაახლოებით 4%-ით, ხოლო კომპაქტური SUV-ების — თითქმის 8%-ით დაეცა.
მაშინ, როდესაც იაფი ავტომობილები სწრაფად იყიდება, რატომ მცირდება მათი გაყიდვები?

ავტოინდუსტრიის ანალიტიკოსების შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სადილეროების მარაგში დაბალფასიანი ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობა იყოს. მათი შეფასებით, ბაზრის ამ ნაწილში მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია. კომპაქტური SUV-ების სეგმენტში კი განსაკუთრებით ორი პოპულარული მოდელის ნაკლებობა იგრძნობა.
ამ მოდელებიდან ერთი აშშ-ში პოპულარული SUV Toyota RAV4-ია, რომელიც წელს ბევრ დილერთან შეზღუდული რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი, რადგან კომპანიას წარმოება კენტუკის ქარხანაში გადააქვს. მეორე მოდელი Ford Escape-ია, რომლის წარმოებაც კომპანიამ საშუალო ზომის ელექტროპიკაპის გამოსაშვებად შეწყვიტა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელმისაწვდომი, კომპაქტური ახალი ავტომობილები ბაზრიდან თანდათან გაქრა“, — აცხადებს ერთ-ერთი ანალიტიკოსი.

დამატებით, საწვავის გაძვირება მყიდველებს მეორადი ავტომობილებისკენ უბიძგებს. ანალიტიკოსების განმარტებით, კომპაქტური ავტომობილების მყიდველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ფასების მიმართ. საწვავის გაძვირება კი მათთვის ყოველდღიურ ხარჯებს ზრდის. მათი თქმით, მაშინ, როდესაც საწვავი ძვირდება, ეს ავტომობილის ფლობისთვის საჭირო ხარჯებსაც ზრდის. შედეგად კი მყიდველებს შესაძლოა დამატებით თვეში 500 ან 600 აშშ დოლარის გადახდაც დაენანოთ და მეორადი ავტომობილების ბაზარზე გადასვლა მოუწიოთ.
შედეგად, მყიდველები, რომლებსაც ავტომობილის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ, ან სადილეროში დარჩენილ შედარებით იაფ ავტომობილებს ყიდულობენ, ან მეორად ავტომობილებზე გადადიან. ანდა ცდილობენ, თავიანთი ავტომობილი უფრო დიდხანს შეინარჩუნონ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს