ელექტრომობილები, მერსედეს ბენცი, მერსედეს ჯი კლასი, მერსედეს ბენცი ე-კლასი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, მერსედეს ბენცი ა კლასი, მერსედეს ბენცი ჯი-კლასი, მერსედეს ბენცი ა-კლასი
Aa
Aa

7 ახალი მოდელი Mercedes-სგან | რომელ მოდელებს წარადგენს გერმანული კომპანია 2027 წელს?

Mercedes-Benz-ი 2027 წლისთვის სულ მცირე შვიდ ახალ მოდელს ამზადებს. გერმანული ავტომწარმოებლის გეგმებში ელექტრომობილების ხაზის გაფართოება, რამდენიმე კარგად ნაცნობი მოდელის დაბრუნება და, რაც ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, შიგაწვის ძრავების შენარჩუნებაც შედის. მათ შორის, მომდევნო წელს შესაძლოა V8 ძრავით აღჭურვილი მოდელიც ვიხილოთ.

2026 წელს გერმანული ავტომწარმოებელი დაარსებიდან 140 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა მომდევნო წლისთვისაც საკმაოდ ამბიციური გეგმებით ემზადება. გეგმაში დიდ როლს ითამაშებენ ელექტრომობილები, მაგრამ Mercedes-Benz-ი ჯერ არც 6- და 8-ცილინდრიან ძრავებზე აპირებს უარის თქმას. დიდი ალბათობით, ისინი ჰიბრიდულ სისტემასთან იქნება შერწყმული.

ახლა კი Mercedes-Benz-ის იმ შვიდ მოდელს წარმოგიდგენთ, რომლებსაც წესით 2027 წელს ვიხილავთ:

Mercedes-Benz A-Class — ეს მოდელი წარმოებაში 2028 წლამდე დარჩება

გერმანული ავტომწარმოებლის საბაზისო დონის მოდელი A-Class-ი ევროპის ბაზარზე წარმოების შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა კომპანიამ მისი წარმოების ვადა 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ახალი თაობის დებიუტი 2027 წლის ბოლოს უნდა შედგეს.

თუმცა შესაძლოა მომავალი A-Class-ი წარსული ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საწყის კონცეფციასთან დაბრუნებას განიხილავს. შედეგად, პირველი ორი თაობის მსგავსად, შეიძლება უფრო მინივენის სტილის მოდელი მივიღოთ, თუმცა კროსოვერის გარკვეული მახასიათებლებით, როგორებიცაა უფრო მაღალი კლირენსი და ვერტიკალური სილუეტი.

Mercedes-Benz Baby G: G-Class-ის უფრო პატარა ვერსია

Mercedes-Benz G-Class-ი 1979 წლიდან გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად და ზოგისთვის უკონკურენტო ყველგანმავლადაც რჩება. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ კი G-Class-ის ოჯახს პატარა ვერსია შეემატება.

ახალ, ე.წ. Baby G-ში კომპანია, სავარაუდოდ, ტრადიციულ ჩარჩოიან კონსტრუქციაზე უარს იტყვის და Mercedes-Benz-ის MMA პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიას გამოიყენებს. თუმცა აუცილებელია, რომ არქიტექტურამ ავტომობილს G-Class-ისთვის დამახასიათებელი გამავლობა შეუნარჩუნოს.

Baby G-ს, დიდი ალბათობით, ელექტრო და ჰიბრიდული ძრავები ექნება და სრულამძრავი სისტემით იქნება წარმოდგენილი. დიზაინით სტანდარტულ G-Class-ს ემსგავსება, თუმცა უფრო პატარა ზომის იქნება. Mercedes-Benz Baby G-ის დებიუტს 2027 წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.

Mercedes-AMG C-Class: ექვსი ცილინდრი — შესაძლოა, რვაც

ფაქტმა, რომ გასული თაობის C63 ოთხცილინდრიან plug-in სისტემაზე გადავიდა, ბევრი გაანაწყენა. ახლა, როგორც მოარული ხმები ამბობენ, Mercedes-AMG ძრავის ცილინდრების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

პირველი ახალი მოდელი, სავარაუდოდ, C53 AMG იქნება. ამ უკანასკნელს 3-ლიტრიანი ტურბო ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა ექნება, რომელიც 449 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. იგივე ძრავა CLE 53 AMG-შიც გამოიყენება.

თუმცა შესაძლოა გერმანული ავტომწარმოებელი ამით არ შემოიფარგლოს და უფრო მძლავრი C63 AMG-იც გამოაჩინოს. ამ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული V8 ძრავაც დაბრუნდეს. თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გავრცელებული ცნობებით, Mercedes-Benz-ი C63-ის ორი ვერსიის გამოშვებას განიხილავს: ერთი ტრადიციული შიგაწვის ძრავით, მეორე სრულად ელექტრო. შესაბამისად, V8-ის დაბრუნება დადასტურებული არ არის.

Mercedes-Benz E-Class Electric: EQE-ის შემცვლელი

E-Class-ის ახალ თაობაში განახლებულ ინტერიერსა და ექსტერიერს უნდა ველოდოთ. მისი ელექტროვერსია EQE-ს ჩაანაცვლებს, თუმცა შიგაწვისძრავიანი მოდელი წარმოებაში დარჩება და განსხვავებულ პლატფორმაზე დაფუძნდება. დიზაინით ახალი E-Class, სავარაუდოდ, ბრენდის უახლეს მოდელებს დაემსგავსება. წესით, დიდი ცხაურის მქონე მოდელს უნდა ვიხილოთ, თავისი სამქიმიანი ვარსკვლავით და ინტერიერში დიდი ზომის ეკრანით.

Mercedes-Benz G-Class Cabriolet: ღია სახურავი და V8 ძრავა

G-Class-ის კაბრიოლეტი ვერსიაც წესით მომდევნო წელს დაბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელი მხოლოდ AMG 63 ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. კაბრიო 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8-ით აღიჭურვება, რომელიც 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ძალას ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. მთავარი განსხვავება დასაკეცი ქსოვილის სახურავი იქნება, რომელიც სალონის უკანა ნაწილზეც გადაიხსნება. ავტომობილი შეინარჩუნებს G-Class-ის გამავლობის შესაძლებლობებსა და V8 ძრავის ჟღერადობას.

Mercedes-Benz GLA Hybrid: ელექტრო ძალა და ბენზინის ძრავა

ელექტროვერსიის შემდეგ ჰიბრიდული GLA-ს ჯერიც მოვიდა. ახალი მოდელი CLA-ს მსგავსად 1.5-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავასა და 22-კილოვატიან ელექტროძრავას გააერთიანებს. სისტემა GLA-ს მოკლე მანძილის მხოლოდ ელექტროენერგიით დაფარვის საშუალებას მისცემს. საბაზისო მოდელი წინა წამყვანი იქნება, უფრო მძლავრი ვერსიები კი სრულამძრავი სისტემით იქნებიან ხელმისაწვდომი.

Mercedes-Benz GLC და GLC Coupe: ახალი ძრავები, ნაცნობი დიზაინი

ბოლო პერიოდში გერმანული ავტომწარმოებელი უფრო მკაფიოდ მიჯნავს მოდელების ხაზს ელექტრო და შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიებად. ვერსიებს მსგავსი დიზაინი კი აქვთ, თუმცა განსხვავებულ პლატფორმებს იყენებენ. მიდგომა უკვე ვნახეთ CLA-ს, GLA-სა და C-Class-ის შემთხვევაში. 2027 წელს კი ახალი GLC და GLC Coupe უნდა გამოჩნდეს.

შიგაწვის ძრავის მქონე GLC აგრეგატების მხრივ უფრო ტრადიციულ არჩევანს შემოგთავაზებთ. წესით, უნდა ველოდოთ 2-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ბენზინის mild-ჰიბრიდულ სისტემას, რომლის სიმძლავრეც 177, 218 ან 258 ცხენის ძალა იქნება. ასევე ხელმისაწვდომი იქნება 2-ლიტრიანი ტურბოდიზელი 163 ან 200 ცხენის ძალით. მოდელის ხაზში plug-in ჰიბრიდებიც იქნება წარმოდგენილი და წესით, 326 ან 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ და 19.5-კილოვატსაათიან ბატარეას გამოიყენებენ. მხოლოდ ელექტროსვლის მარაგი კი 100 კმ იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები