Mercedes-ის ჭკვიანი უკანა მინა | ციფრული შეტყობინებები უკან მოძრავი მძღოლებისთვის
უკან მოძრავი ავტომობილის მძღოლებისთვის ამერიკელებმა შეტყობინებების გაგზავნა ჯერ კიდევ 1974 წელს დაიწყეს, მაშინ, როდესაც ფორესტ გილმა ბამპერის პირველი სტიკერი შექმნა. ახლა კი Mercedes-ს სურს, ეს იდეა ციფრულ ეპოქაში გადმოიტანოს და ავტომობილების უკანა მინა პიქსელური შეტყობინებების დაფად აქციოს.
ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა
Mercedes-ი დიდი ეკრანების მიმართ სიყვარულს რომ არასდროს მალავდა, ეს ახალი ამბავი არცაა. უფრო მეტიც, გერმანული კომპანიის დიზაინის მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გორდენ ვაგენერმა, ერთხელ BMW და Audi-ც გააკრიტიკა, რადგან თვლიდა, რომ მათი ეკრანები საკმარისად დიდი არ იყო. მისი აზრით, თანამედროვე ავტომობილებს დიდი ეკრანები სჭირდებოდათ.
ჰოდა, როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებელი ეკრანებისთვის ახალი ადგილების ძიებას განაგრძობს და ამჯერად, სალონში რომ ვეღარაფერი დაამატა, გადაწყვიტა, ის უკვე თქვენი მანქანის უკანა საქარე მინაზე განგითავსოთ. Mercedes-ი მინებში LED-ეკრანების ინტეგრირებასა და საქარე მინის ჰოლოგრაფიულ საკომუნიკაციო ზედაპირად გარდაქმნის შესაძლებლობას იკვლევს. ამ ტემპით კი ბევრი ხუმრობს, რომ მალე ეკრანის გარეშე შესაძლოა მხოლოდ საბურავები დარჩეს.

Mercedes-ის გუნდის მტკიცებით, ამ ფუნქციას მხოლოდ გასართობი დატვირთვა არ ექნება და რეალურად ფუნქციურ ინსტრუმენტად იქცევა — გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, ავტომობილების ხილვადობის გაუმჯობესებისა და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებისთვის.
უკანა მინაში ინტეგრირებული Mini-LED-ები საჭიროების შემთხვევაში ინთება და მასზე შესაბამისი შეტყობინებები გამოისახება. დანარჩენ დროს ისინი უხილავია, რათა მძღოლს უკან სიტუაციის შეფასებაში ხელი არ შეეშალოს.
რა თქმა უნდა, ეს შეტყობინებები ისეთი არ იქნება, როგორიცაა „ჩემი მეორე მანქანაც Mercedes-ია“ ან მსგავსი. ისინი უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ამავდროულად უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ საკმაოდ პასიურ-აგრესიული ხასიათიც გამოარჩევს.

მაგალითად, თუ უკან მოძრავი მძღოლი შორი განათებით თვალს გჭრით, შეგიძლიათ უკანა მინაზე მაშუქების სიმბოლო გამოაჩინოთ, რომელსაც დიდი წითელი ხაზი ექნება გადასმული. ასევე, თუ სხვა ავტომობილი ზედმეტად ახლოს მოგყვებათ, შეტყობინება „დაიცავით დისტანცია“ თავაზიანად მიანიშნებს, რომ ცოტა უკან დაიხიოს.
სხვა შესაძლო შეტყობინებებს შორის შეიძლება ასევე იყოს გაფრთხილება გზაზე ქვეითის შესახებ, წინ მომხდარი ავარიის შეტყობინება ან სიგნალი, რომ წინ მდგომი ავტომობილი უკუსვლით პარკირებას აპირებს. ეს იმ შეტყობინებების ნაწილია, რომელთა გამოყენებაც Mercedes-მა უკვე დაადასტურა. კომპანია ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, შეძლებენ თუ არა მძღოლები თავიანთი ტექსტების შექმნას, თუმცა ამის დაშვება ალბათ კომპანიას დიდ თავის ტკივილად ექცევა...
ცნობისთვის, Mercedes-ის ინჟინრები შეტყობინებების მხოლოდ უკანა მინაზე გამოსახვაზე არ მუშაობენ. მათი ყურადღების ცენტრში გვერდითი მინები და საქარე მინაცაა, თუმცა ამ შემთხვევაში გამოყენებული LED-ები გაცილებით მცირე ზომისაა.
Head-Up Display-ის (HUD) ტექნოლოგია ავტომობილებში 20 წელზე მეტია, რაც გამოიყენება, თუმცა მძღოლის წინ მდებარე არეალით შემოფარგვლის ნაცვლად, Mercedes-ს სურს, რომ საქარე მინის დიდი ნაწილი აქციოს გიგანტურ საკომუნიკაციო ზედაპირად.

Mercedes-ის ახალი ტექნოლოგია შესაძლოა მომავალში ბიზნესებისთვის რეკლამის განთავსების საშუალებადაც იქცეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ავტომობილით რომელიმე ქალაქში გადაადგილდებით და საქარე მინაზე ნავიგაციასთან ერთად ხედავთ რეკომენდაციას: თქვენი მარშრუტიდან 500 მეტრში რესტორანი მდებარეობს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ გერმანულ ავტომწარმოებელს არ დაუდასტურებია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის ის ფასიან სარეკლამო პლატფორმადაც იქცეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს