საქართველო, სტატისტიკა, მართვის მოწმობა, შსს
Aa
Aa

17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის | სტატისტიკა

2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოში პირველადი მართვის მოწმობა 16 839-მა პირმა აიღო. მათ შორის ყველაზე დიდი წილი 17-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე მოდის.

შსს-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მართვის მოწმობა სულ 7 879-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საანგარიშო პერიოდში გაცემული მოწმობების საერთო რაოდენობის 46.8%-ია.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე აქტიურები 17 წლის მოქალაქეები იყვნენ. კერძოდ, მესამე კვარტალში პირველადი მართვის მოწმობა 3 265-მა 17 წლის პირმა აიღო, რაც საერთო რაოდენობის 19.4%-ია. შემდეგ მოდიან:

18 წლის მოქალაქეები — 1 823 პირი (10.8%);

19 წლის მოქალაქეები — 1 541 პირი (9.2%);

20 წლის მოქალაქეები — 1 250 პირი (7.4%).

ამასთან, მართვის მოწმობა 45-მა 16 წლის არასრულწლოვანმაც მიიღო.

გენდერული გადანაწილების მიხედვით, ახალბედა მძღოლებს შორის კაცები ჭარბობენ. მესამე კვარტალში პირველადი მართვის მოწმობა 9 877 კაცზე (58.7%) და 6 633 ქალზე (39.4%) გაიცა. 329 შემთხვევაში კი სტატისტიკაში გენდერული მონაცემი მითითებული არ არის.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი პირველადი მართვის მოწმობა თბილისში გაიცა — 4 805, რაც საერთო რაოდენობის 28.5%-ია. მეორე ადგილზე იმერეთია 2 487 მოწმობით (14.8%), მესამეზე კი ქვემო ქართლი — 1 995 მოწმობით (11.8%).

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:

აჭარა — 1 894 (11.2%);

სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 593 (9.5%);

კახეთი — 1 261 (7.5%);

შიდა ქართლი — 1 171 (7%);

სამცხე-ჯავახეთი — 702 (4.2%);

გურია — 453 (2.7%);

მცხეთა-მთიანეთი — 363 (2.2%);

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 110 (0.7%);

აფხაზეთი — 5.

მოქალაქეობის მიხედვით, პირველადი მართვის მოწმობის მიმღებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. კერძოდ, მოწმობა საქართველოს 16 193 მოქალაქეზე (96.2%) გაიცა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და პირებზე, რომელთა მოქალაქეობაც მითითებული არ არის, ჯამში 646 მოწმობა (3.8%) მოდის.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი მართვის მოწმობა რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა — 177. შემდეგ მოდიან ბელარუსის (35), უკრაინის (30), აზერბაიჯანის (15) და თურქეთის (7) მოქალაქეები. ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეებზე კი თითოეულზე 6-6 პირველადი მართვის მოწმობა გაიცა.

წყარო - BM.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები