რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები N408 და N420, თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
ამასთანავე, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.
წყარო - თბილისის მუნიციპალიტეტი
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს