2028 წლისთვის ჩინური BYD ევროპისთვის ყველა ელექტრომობილს ადგილობრივად აწარმოებს
ჩინეთის ნომერ პირველი ავტომწარმოებელი, BYD მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალი ამბიციური გეგმის განხორციელებლისთვის ემზადება. კომპანიის განცხადებით, 2028 წლიდან ევროპის მასშტაბით გაყიდული ყველა ელექტრომობილი ახლა უკვე ადგილობრივი წარმოების იქნება. ეს კომპანიას ევროპის კავშირის ტარიფების აცილებაში დაეხმარება და ბაზარზე ფეხსაც უფრო მყარად მოიკიდებს.
„ჩვენ ვემზადებით, რომ წარმოება სულ უფრო ევროპული გავხადოთ“, - განუცხადა BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტელა ლიმ Reuters-ს მიუნხენში, IAA Mobility-ის ავტომობილების შოუზე.
როგორც აქამდეც ცნობილი იყო, BYD უნგრეთში საწარმოო ქარხნის მშენებლობას ასრულებს. ეს უკანასკნელი ოპერირებას სავარაუდოდ მიმდინარე წელს დაიწყებს, კიდევ ერთი საწარმოო ქარხანა კი თურქეთში შენდება. თურქეთის ქარხანაში ავტოწარმოების დაწყება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.
ევროპის კავშირმა, გასულ წელს, ჩინეთში წარმებულ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესა. მიზანი ადგილობრივი ბაზრისა და ავტომწარმოებლების დაცვა იყო, რადგან დასავლური კომპანიები ჩინურ ფირმებთან არასახარბიელო კონკურენციაში იმყოფებიან. განსაკუთრებით მიმზიდველი კი, ევროპელებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ჩინური ელექტრომობილებია.
კითხვაზე თუ რა დრო დასჭირდება BYD-ის ყველა იმ ელექტრომობილის წარმოებისთვის, რაც ევროპაში მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ლიმ განაცხადა: „მოგვეცით დაახლოებით 2-3 წელი“. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიამ ბოლო დროს ევროპისთვის საპროდუქციო ხაზიც გააფართოვა და თუ ადრე მხოლოდ ელექტრომობილებს ყიდდა, ახლა ბაზარს plug-in ჰიბრიდებსაც შესთავაზებს.
ლის ინფორმაციით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში BYD ოთხ PHEV-ს გამოუშვებს და პროგნოზირებს, რომ მათი წარმოება მალევე ევროპაში სრულად ელექტრომობილებსაც გადაჭარბებს. ამასთან ერთად, BYD ევროპის ბაზარზე მისი მაღალი ხარისხის ავტომობილების ბრენდ Yangwang-საც გაუშვებს, რასაც სავარაუდოდ 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ.