75 წლის იაპონელმა სუპერქარების ავტოფარეხის შექმნას 30 წელი დაახარჯა
ბრუნეის სულთანისა და ჯეი ლენოს კოლექციების შემდეგ, ალბათ იშვიათია, რომ სუპერქარების ავტოფარეხმა გაგვაკვირვოს, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაზეც საუბარი ნამდვილად ღირს. 75 წლის იაპონელმა ავტოენთუზიასტმა, რომელიც მისტერ მიურას სახელითაა ცნობილი, უნიკალური საავტომობილო სივრცის შესაქმნელად სამ ათწლეულზე მეტი დახარჯა, შედეგი კი სახეზეა.

როგორც გითხარით, ყველაფერი დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო — მაშინ, როდესაც მისტერ მიურამ ეგზოტიკური და გამორჩეული ავტომობილების შეძენა შეძლო. ავტოენთუზიასტის მთავარი გატაცება იტალიური მარკის, მათ შორის Lamborghini-სა და Ferrari-ს მოდელები გახლდათ, რაც შემდგომში მის კოლექციასაც დაეტყო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იაპონელი ავტომოყვარულის კოლექციის მთავარი მოდელი ნარინჯისფერი Lamborghini Miura-ა. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს კაშკაშა ყვითელი ფერის Ferrari F40, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, მისტერ მიურას დაუჯერებელი თანხა, $17 მილიონი შესთავაზეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიურას ავტოფარეხი მხოლოდ კლასიკური ავტომობილებით არ შემოიფარგლება. მის კოლექციაში არაერთი საინჟინრო ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთები, როგორებიცაა Ferrari Enzo, Ferrari LaFerrari და Lamborghini F1. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ამ ავტომწარმოებლის ისტორიაში ერთ-ერთი ბოლო ბოლიდია, რომელმაც ფორმულა 1-ის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ფარეხი ავტომობილების ნამდვილი მუზეუმია, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიურა მათი ნაწილის გაყიდვას იწყებს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ერთ-ერთმა კრეატორმა, რომელმაც ავტოფარეხი დაათვალიერა, თქვა, რომ მისი მფლობელი, შესაძლოა, კოლექციის დახურვას გეგმავდეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.